მამუკელაშვილმა 7 ქულა ჩააგდო | ლეიკერსის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენელს, „დეტროიტ პისტონსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და ლუკა დონჩიჩის გარეშე გაიმარჯვა — 121:116.
„ლეიკერსმა“ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყო და პირველ მეოთხედში „პისტონსზე“ 24-ით მეტი ქულა ჩააგდო — 38:14. „დეტროიტმა“ ჩამორჩენა ეტაპობრივად შეამცირა და მეოთხე პერიოდში „ლეიკერსი“ მხოლოდ ერთი ქულით იგებდა, თუმცა ოსტინ რივზისა და კოლინ სექსტონის კარგი თამაშის წყალობით საქმე ბოლომდე მიიყვანა.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 17 წუთი და 40 წამი გაატარა. სანდრომ 7 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. „მამუმ“ 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. მის პასივში 2 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ჯარიმა იყო.
დონჩიჩის არყოფნაში „ლეიკერსს“ რივზმა ულიდერა, რომელმაც 43 ქულა გაიფორმა. უოკერ კესლერმა ორმაგი დუბლი გააკეთა — 12 ქულა, 16 მოხსნა. კოლინ სექსტონმა და ზაირ უილიამსმა 17-17 ქულა დააგროვეს, ხოლო ქუეინთინ გრაიმსს 12 ქულა ჰქონდა.
ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 9 მოგება და 2 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს. ჯეი ჯეი რედიკის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს გამართავს და „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს