ევროლიგის ახალი სეზონი დაიწყო | შენგელიას დუბაიმ რეალი 1 ქულით დაამარცხა
ევროლიგის ახალი სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და საშინაო არენაზე „რეალი“ მძიმე ბრძოლაში, ერთი ქულით, 78:77 დაამარცხა.
მატჩის გამარჯვებულის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც „დუბაი“ მხოლოდ ერთი ქულით იგებდა — 63:62. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე „რეალს“ 6-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა (71:77), მაგრამ დარჩენილ დროში ერთი ქულაც ვერ ჩააგდო, მეტოქისგან კი 7 მიიღო და საბოლოოდ „დუბაიმ“ 78:77 მოიგო.
შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 15 წუთი და 16 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 5 ქულა და 8 მოხსნა იყო. თორნიკემ 6-დან ყველა ორქულიანი გააფუჭა, 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. „დუბაის“ რიგებში საუკეთესო დუეინ ბეიკონი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა დააგროვა.
ცნობისთვის, „დუბაი“ მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს გამართავს და ABA League-ში „ვიენა ბასკეტს“ დაუპირისპირდება. ევროლიგაზე მათი მომდევნო მეტოქე „ბარსელონაა“, რომელსაც 29 სექტემბერს შეხვდებიან.