ისტორიაში მეორედ - კსუ-მ სეზონი ტიტულით გახსნა
საქართველოში საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად კალათბურთის ფედერაციის გარდაცვლილი ვიცე-პრეზიდენტის დუდუ დადიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური გათამაშებით გაიხსნა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ბექა წივწივაძის მომზადებულმა კალათბურთელებმა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის ბაზაზე შექმნილი „თელავი“ 20-ქულიანი სხვაობით, 102:82 დაამარცხეს და ეს ტურნირი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგეს.
რუსთავის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში კსუ უპირატესობას მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩემპიონი კლუბის რიგებში ყველაზე შედეგიანები ჯასტინ ფორესტი და სანდრო სანაძე იყვნენ, რომელთაც 19-19 ქულა დააგროვეს. საფინალო სირენის შემდეგ კი სანაძემ ფინალური მატჩის MVP-ის პრიზი მიიღო. რაც შეეხება „თელავს“, ამ გუნდის რიგებში ყველაზე მეტი 25 ქულა კაილერ ვანდერიატმა დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბისთვის წლევანდელი სეზონი გამორჩეულია, რადგან შიდა შეჯიბრების პარალელურად, ევროპის ჩრდილოეთ ლიგაში იასპარეზებს.