სკანდალი შოტლანდიაში: საქართველოს კერლინგის ნაკრების ორი წევრი გაუპატიურების ბრალდებით იძებნება
შოტლანდიის პოლიცია საქართველოს კერლინგის ეროვნული ნაკრების ორ წევრს ეძებს, რომლებსაც შოტლანდიელი ქალის გაუპატიურებაში ედებათ ბრალი, სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ და მიიმალნენ.
ბრიტანული გამოცემა The Sun-ის შოტლანდიური ბიუროს ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ დამფრისში მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ევროპის კერლინგის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობდა.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა ღამის კლუბის საპირფარეშოს კაბინაში ქალი შეათრიეს, პირზე ხელი ააფარეს და მასზე სექსუალურად იძალადეს. გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ სხვა ქალების დაჟინებული თვალიერება, ქალთა საპირფარეშოში შეყოლა და მათი მობილური ტელეფონით ფარულად გადაღება.
საქმის მასალების მიხედვით, სპორტსმენები ერთ-ერთი ადგილობრივი პაბიდან ქალებს უკან აედევნენ, აგრესიულად იქცეოდნენ, დაწესებულების პერსონალს დაუპირისპირდნენ და გაძევების შემდეგ შენობაში დაბრუნებას ცდილობდნენ. ქალების მიზანმიმართული ადევნების ფაქტები დამფრისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეც დაფიქსირდა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ორივე ბრალდებული ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანშია რეგისტრირებული.
ცნობილია, რომ ბრალდებულები სასამართლო პროცესამდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი, თუმცა გასულ კვირას კილმარნოკის უმაღლეს სასამართლოში დაგეგმილ სხდომაზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც მოსამართლემ მათი დაკავების ორდერი გასცა.
„გაცემულია დაპატიმრების ორდერები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შოტლანდიის პოლიციაში.
მომხდარი სკანდალის გამო, საქართველოს ნაკრებმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა. კერლინგის მსოფლიო ფედერაციაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულები ნამდვილად იყვნენ ეროვნული გუნდის წევრები და ევროპის ჩემპიონატის C-დივიზიონში უნდა ეასპარეზათ. ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან 11 700-ზე მეტი უცხოელი დამნაშავე (მათ შორის მკვლელები და მოძალადეები) იქნა დეპორტირებული. უწყების განცხადებით, ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც ბრიტანეთში პატიმრობა მიესჯება, დაუყოვნებლივ ექვემდებარება დეპორტაციას და ქვეყანაში დაბრუნება სამუდამოდ ეკრძალება.