„კვარა მსოფლიოში საუკეთესოა, ჯგუფი კი თანაბარი იქნება“ - ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელი
ჩრდ. ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ონილმა ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებსა და საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა.
რას ამბობს ონილი:
ერთა ლიგის ახალი ფორმატი:
„გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, შედარებით პატარა ასოციაციებისთვის ეს ბევრად დიდ სირთულეებს ქმნის. შეკრებამდე, შაბათ დღეს ფეხბურთელმა წვივის კუნთი რომ დაიჭიმოს, ოთხივე თამაშს გამოტოვებს. მჯერა, რომ ეს ფორმატი უფრო დიდ საფეხბურთო ქვეყნებს აძლევს ხელს. დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდში ფეხბურთელები ტრავმებს, ორი ყვითელი ბარათის გამო კი დისკვალიფიკაციასაც მიიღებენ. ეს გამოწვევებით სავსე იქნება, თუმცა მომავალში სანაკრებო ფანჯრები სწორედ ასე გადანაწილდება.“
მეტოქეების შესახებ:
„ვფიქრობ, გუნდების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, ჯგუფში ძალები საკმაოდ თანაბრადაა გადანაწილებული. ცხადია, ზოგიერთი ნაკრები რეიტინგით ჩვენზე გაცილებით მაღლა დგას, თუმცა არ მგონია, რომ ამან უნდა შეგვაშინოს. მიმაჩნია, რომ უაღრესად რთული თამაშები გველის, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესანიშნავი გამოწვევაა.“
ინტერვიუს ბოლოს, მაიკლ ო’ნილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს ფაქტი საქართველოს ნაკრებს დიდ ძალას მატებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ჩრდ. ირლანდიის მატჩი 25 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ 5 ოქტომბერს, ამჯერად ჩრდ. ირლანდიაში დაუპირისპირდებიან.