ალისონს სეზონის ბოლოს გაუშვებენ | რა გეგმები აქვს ლივერპულს
Teamtalk-ის ჟურნალისტის, გრემ ბეილის შემდეგ „ლივერპულის“ სატრანსფერო გეგმებზე Football Insider-მა დაწერა. ბეილის მიხედვით, „წითლები“ ალისონ ბეკერის შემცვლელს ეძებენ და მათი სიის სათავეში ზიონ სუძუკი გახლავთ. ცნობილი ჟურნალისტი დასძენს, რომ გიორგი მამარდაშვილი ალისონის გრძელვადიან შემცვლელად არ მოიაზრება.
Football Insider-ის ჟურნალისტი, პიტ ორურკი მსგავს ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს: „„ლივერპული“ ალისონის წასვლისთვის ემზადება და ახალი მეკარის გაფორმებას აპირებს. „წითლები“ რამდენიმე გოლკიპერის კანდიდატურაზე მუშაობენ.
ალისონი 34 წლისაა. ის ზაფხულში კლუბიდან წასვლასთან ახლოს იყო, როდესაც მის მიმართ სერიოზულ ინტერესს „იუვენტუსი“ იჩენდა, თუმცა „ლივერპულმა“ კონტრაქტი 12 თვით გაუხანგრძლივა.
ბოლო მატჩებში ის საუკეთესო ფორმაში ვერ არის, რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ახლა უკვე მის მშობლიურ ბრაზილიაში შესაძლო დაბრუნებაზეც ალაპარაკდნენ. ასე რომ, „ლივერპული“ რამდენიმე მოთამაშეს აკვირდება და სათადარიგო გეგმებს ამზადებს ზაფხულში ალისონის წასვლისთვის“.
Football Insider-ის მიხედვით, მიმდინარე სეზონი ალისონისთვის „ლივერპულში“ ბოლო იქნება. რაც შეეხება მამარდაშვილს, ბრიტანული გამოცემა „წითლებთან“ დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ენფილდზე“ მას არ მოიაზრებენ ისეთი კალიბრის მეკარედ, რომელსაც შეუძლია, ალისონის წასვლის შემთხვევაში ნომერ პირველი გოლკიპერი გახდეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს