„გამანადგურებელი და შეუჩერებელი“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „კომოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.
გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. პირველი ტაიმის მიწურულს კვერნაძემ მეტოქის კარში თავისი გუნდის სასარგებლოდ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ გოლის გარდა ქართველი შემტევი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა.
კვერნაძის ყველა მომენტი:
შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე იტალიურმა სააგენტომ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა:
Il Mattino - 8 ქულა: იან კოუტოს პერსონალურად მეურვეობდა და კონტრ-შეტევაში ისევე ჩაერთო, როგორც 2:0-ის ეპიზოდში, რომელიც ოსტატურად დააგვირგვინა.
Tuttomercatoweb – 7.5 ქულა: ნამდვილ მეხს ჰგავს. გააფთრებული, დაუღალავი და კართან შეუბრალებელი, როცა პირველი ტაიმის საუკეთესოდ დასრულება იყო საჭირო.
Tuttofrosinone - მარცხენა ფლანგზე გამანადგურებელი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა კოუტოს და გაიტანა გოლი, რომლითაც ანგარიში 2:0 გახდა.
საგულისხმოა, რომ გიორგი კვერნაძემ სერია A-ს ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო გოლის გატანა და ასისტის ჩათვლით, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში დატოვა მოედანი შედეგიანი მოქმედებით. ქართველ შემტევს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 3 გოლი და 1 ასისტი აქვს.
ამ გამარჯვების შემდეგ მისი გუნდი სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მე-5 ადგილზე იმყოფება და 10 ქულა აქვს. „ფროზინონე“ მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, სტუმრად, „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.