პენალტი მოიპოვა და გაიტანა | ზივზივაძის მორიგი გოლი გერმანიაში
ბუნდესლიგა 2-ის მე-6 ტურში ბილეფილდის „არმინიამ’’ შინ „ჰაიდენჰაიმს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ანგარიში მე-13 წუთზე ჯოელ გროდოვსკიმ გახსნა - 1:0.
ბუდუ ზივზივაძე ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, საჯარიმოში კარგად მოტრიალდა და დაბალი კუთხისკენ დაარტყა, თუმცა „არმინიას'' მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
30-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ პენალტი თავად მოიპოვა.
პირველი ტაიმის მიწურულს პაულ ჰენრიხმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა, „ჰაიდენჰაიმი'' დააწინაურა - 1:2. მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე ფელიქს ჰაგმანმა ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
86-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი შეცვალეს.
6 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი’’ 13 ქულით მე-3 ადგილზეა, ლიდერ „ჰერტას’’ 5 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან „ნიურნბერგს’’ – 3 ქულით.
ბუდუმ ბუნდესლიგა 2-ის ხუთ მატჩში (416 წუთი) 3 გოლი გაიტანა. 32 წლის ქართველი ფორვარდი ხუთივე მატჩში სასტარტოში იყო, მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა, „კილთან'' ავადმყოფობის გამო არ იყო.
ბუდუ ეროვნულ ნაკრებში გოლით მოდის. საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება, ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი — უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, 5 ოქტომბერს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს