გიორგი გაგუა
Aa
Aa

ტრანსფორმაცია | გაგუა ხსნის, რამ განაპირობა მისი შთამბეჭდავი პროგრესი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის უახლესი მატჩებისთვის „დუნაისკა სტრედას“ 24 წლის ქართველი „ათიანი“ გიორგი გაგუა გამოიძახა. გაგუა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მეორედ გამოცხადდება, ფრანგმა პირველად 2025 წლის ივნისში მიიწვია, თუმცა ფარერის კუნძულებთან და კაბო ვერდესთან ამხანაგურ მატჩებში არ ათამაშა, სათადარიგოთა სკამზე დატოვა, თუმცა ახლა განსხვავებული ვითარებაა, გაგუამ პოზიცია შეიცვალა, ცენტფორვარდიდან „ათიანზე'' გადაიყვანეს და საოცრად წარმატებულ სეზონს ატარებს: სლოვაკეთის ჩემპიონატის შვიდ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა, საგოლე მოქმედების გარეშე მინდორი არ დაუტოვებია. რაც შეეხება კონფერენს ლიგას, ოთხ მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. ასევე, სლოვაკეთის თასის ერთ მატჩში 1 გოლი გაიტანა.

„ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით ძალიან ბედნიერი ვარ. სეზონის სტარტზე ამისთვის ყველაფერი გავაკეთე, ღვთისწყალობით დამიფასდა. ძალიან ბედნიერი ვარ, ვისთან ერთადაც გავიზარდე, მათთან ერთად ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებ. ძალიან სასიხარულოა ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში, რომლებიც კარიერის მწვერვალზე არიან და თან ჩემი მეგობრები არიან. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს ვაჩუქებთ იმ ბედნიერებას, რასაც იმსახურებენ. ძალიან მადლიერი ვარ იმ ნდობისთვის, რაც ნაკრების სტაფმა ჩემი გამოძახებით გამომიცხადა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ნდობა კარგი თამაშით გავამართლო და ჩემი შედეგი ტაბლოზე ავსახო“ - აღნიშნა გიორგი გაგუამ კრისტალსპორტთან ინტერვიუში.

- შენი თავდაჯერება გასულ წლებში - „რეალ უნიონსა“ (2022-23) და „ისტრაში“ (2024-25) და ახლა „დუნაისა სტრედაში“ - რა შეიცვალა?

- გაცილებით მეტად თავდაჯერებული ვარ. მწვრთნელსაც ძალიან დიდი როლი აქვს. როცა გასულ ზაფხულში მთავარ მწვრთნელად გერმანელი რობერტ კლაუსი მოვიდა, თავიდანვე  მითხრა, რომ გუნდის ლიდერად განმიხილავდა, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობის დაკისრება სურდა. მესამე კაპიტნად დამნიშნა, რეგულარულად მათამაშებს, სულ მელაპარაკება, ყოველთვის გვერდით მიდგას. როცა მწვრთნელისგან ასეთ დამოკიდებულებას ხედავ და გრძნობ, გსურს შენც კარგად ითამაშო, უკან რაღაც დაუბრუნო. ბუნებრივია, უკეთეს ფორმაში ვარ.

- ცენტრფორვარდიდან „ათიანზე“ ჩამოწევისას რა იყო მწვრთნელის არგუმენტები?

- წინა სეზონის მიწურულს მთავარმა მწვრთნელმა ბრანისლავ ფოდრეკმა ვარჯიშებზე „ათიანზე’’ მათამაშა და შემდეგ მითხრა რომ ვფიქრობ „ათიანზე“ თამაში კარგად გამოგივაო. დამაყენა და კარგად ვითამაშე. როცა რობერტ კლაუსი მოვიდა, მითხრა, რომ პასის კულტურა გაქვს, გუნდს კარგად აკავშირებ და სივრცეებს კარგად ხედავო.

ბურთი ძალიან მიყვარს. თავდამსხმელის პოზიციაზე ბურთი ფეხში იმდენად ხშირად არ გაქვს, უფრო მეტად ბრძოლაში ხარ, სულ დაგდება, სივრცეების გახსნა. მოკლედ, სხვა თვისებები სჭირდება თავდამსხმელს და ათ ნომერზე უფრო მეტად ბურთთან კონტაქტი გაქვს, უფრო მობილური ხარ, მოედანზე სხვანაირად გადაადგილდები, შეგიძლია ფლანგზე გადახვიდე, უფრო უკან, 6-იანის ნომერზე დაიწიო. უფრო მეტი თავისუფლება მაქვს. ვიცი რა დროს რა უნდა გავაკეთო. სად რა პასი უნდა გავაკეთო, თამაშის ტემპი სად უნდა ავაჩქარო და სად უნდა შევანელო. ცენტფორვარდის პოზიციაზე უფრო საჯარიმოს ირგვლივ უნდა იმოძრავო, რომ კართან ახლოს იყო.

- პოზიციის ცვლილების შემდეგ საგოლე პასების რაოდენობის მხრივ მხრივ დიდი პროგრესი  გაქვს. პოზიციის ცვლილების გარდა, რამ განაპირობა საგოლე პასების შთამბეჭდავი რაოდენობა?

-  მწვრთნელის ნდობა, რაც უკვე გითხარი. გუნდელები კარგად მიცნობენ, იციან რა სტილის ფეხბურთელი ვარ. იციან როცა 50/50-ზეა - მე თუ ჩემი გუნდელი, პასს მივცემ. მაგალითად, „სლოვანთან“ რა პასიც გავაკეთე... თუ ვიცი რომ გუნდელი უკეთეს პოზიციაზეა, პასს მივცემ. ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდი როგორ თამაშობს, გუნდის გამარჯვება. ალბათ, ამიტომაც სჯობს ჩემთვის ათ ნომერზე თამაში, ცენტრფორვარდი უფრო ეგოისტი უნდა იყოს, გოლზე დაგეშილი. არ ვამბობ რომ გოლის გატანა არ მინდა. გოლის გატანაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ ჩემი პასებით გუნდელებს თავდაჯერებას ვმატებ. გოლს რომ გაიტან, უფრო წყნარად და მშვიდად ხარ. თავდამსხმელისთვის მთავარი გოლია, ვცდილობ სულ მივცე და გავატანინო.

საგოლე პასი „სლოვანთან“

„ტვენტესთან“ და „სლოვანთან“ იდენტური პასები გავაკეთე. უცბად შეტევა დავიწყეთ, მომცეს და ზონაში ჩავუგდე. ჩვენ ძალიან საშიში გუნდი ვართ, ფლანგებზე სწრაფი ბიჭები გვყავს. მაგალითად, რამადანი ახლა ისეთ ფორმაშია... საოცრებაა. იციან რომ როცა ადგილზე ბურთს ვიღებ და ვტრიალდები, უკან თუ ასეთი დიდი სივრცეა, 10-დან 9-ს გავაკეთებ.

საკვანძო პასები „ტვენტესთან“ და „სლოვანთან“

 

- დაცვითი ფუნქციების შესრულების მხრივ, შენს თამაშს როგორ შეაფასებ?

- მაშინაც კი, როცა ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვთამაშობდი, დაცვითი ფუნქციების შესრულების პრობლემა არ მქონდა. ახლა, როცა 90 წუთს ვთამაშობ, მინიმუმ 10 კილომეტრს დავრბივარ. თამაშს გააჩნია; მაგალითად, „სლოვანთან“ 11,5 კმ ვირბინე. შეიძლება, მცველის ინსტინქტებით არ გამოვირჩევი, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებ. მწვრთნელი გვთხოვს, პრესინგზე ინტენსიურად ავიდეთ და ბურთის დაკარგვის შემდეგ უკან ჩამოვყვეთ. მის ამ დავალებას მაქსიმალურად ვასრულებ.

- შენი კარიერის გასულ წლებს რომ გადავხედოთ - ასეთი ციფრები რატომ არ გქონდა ესპანეთში, რეალ „უნიონსა“ და შემდეგ ხორვატიულ „ისტრაში“? რა მიზეზებს ხედავ?

დღეს, უპირველესად, ციფრებს უყურებენ. ციფრები თუ არ გაქვს, კარიერული პროგრესი ძალიან რთულია. იშვიათად ხდება, როცა ციფრები არ გაქვს, მაგრამ მწვრთნელი შეგამჩნევს და უფრო ძლიერ კლუბში წაგიყვანს. მსგავსი მწვრთნელი გამონაკლისია.

ახლა როცა ვხედავ, რა შემიძლია და ვხვდები, რა შემეძლო გასულ წლებში... მე თვითონაც ნერვები მეშლება, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ყურადღებას უფრო მეტად გუნდურ თამაშს ვაქცევდი. გუნდზე ბევრს ვმუშაობდი და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სასურველი ციფრები არ მქონდა. მახსოვს ხორვატიაში, „ისტრაში“, ესპანელი მწვრთნელი გონსალო გარსია თეორიული გარჩევისას ხშირად ამბობდა — ფლანგებს რომ ნაკლები სირბილი გიწევთ, სულ ბურთი და სივრცეები გაქვთ, გიოს დამსახურებაა, სივრცეებს გითავისუფლებთო. შეიძლება, ციფრებში არ აისახება, მაგრამ გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებსო.

ზოგადად, ცხოვრებაშიც ასეთი ვარ... ჩემთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და მეგობრების კარგად ყოფნა. თუ საჭიროა, რომ მე ვიყო ცოტა ცუდად და ისინი კარგად, მე ვიქნები ცოტა ცუდად, არაა პრობლემა.

როცა ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჩემს თამაშს ვაფასებ, ვფიქრობ, ისეთი ეგოისტი არ ვიყავი, როგორიც საჭირო იყო. არც ახლა ვარ ეგოისტი, მაგრამ მეტი თავდაჯერება მაქვს, პოზიციაც შევიცვალე, გუნდელებსაც ვეხმარები პასებით და თავადაც ვიტან. რამდენი დრიბლინგიც ამ სეზონში მაქვს, ბოლო ორ-სამ სეზონში ჯამში არ მქონდა.

ახლა უფრო მეტს ვრისკავ, ვიდრე წინა სეზონებში. შესაძლოა, ახლა უფრო მეტსაც ვკარგავ, მაგრამ უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ, რადგან რისკებს ჩემს თავზე ვიღებ. მწვრთნელმაც მომცა საშუალება, რომ ბოლომდე გავხსნილიყავი, დამაკისრა ეს პასუხისმგებლობა, რაც კიდევ უფრო მეტად დამეხმარება, რომ მომავალში უფრო „ნაგლი“ ვიყო; უფრო ხშირად გავრისკო, ჩემს თავზე უფრო მეტი ავიღო. ვიცი, რომ ეს შემიძლია.

დღეს ფეხბურთელის წარმატებას მხოლოდ უშუალოდ ფეხბურთის თამაში არ განაპირობებს. ალბათ, დაახლოებით 20 პროცენტია ფეხბურთის თამაში. დანარჩენი ბევრი რამეა: მარკეტინგი, აგენტი... ფეხბურთელის ახალ კლუბში გადასვლა, კარიერული პროგრესი ხშირად სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ვიდრე უშუალოდ ფეხბურთის თამაშზე. ამიტომ, ვცდილობ მეტი ვითამაშო, ციფრები დავაგროვო. თამაში საგოლე მოქმედების გარეშე არ დავასრულო. მთავარია, ასე შედეგიანად თამაში სტაბილურად გავაგრძელო და დარწმუნებული ვარ, ჩემს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.

გიორგი გაგუა

– ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობ, რა დაგაკლდა ესპანეთში და რატომ ვერ ითამაშე ლა ლიგაში?

– ორი ფაქტორია: ვიყავი უცხოელი და არ მყავდა აგენტი. ყველაზე დიდი ფაქტორი ჩემი პასპორტი იყო. მათთვის პრიორიტეტი საკუთარი პროდუქტი — ესპანეთის მოქალაქე იყო. თუ ადგილობრივს ათი თავით ვერ აჯობებ, უპირატესობას ესპანელს მიანიჭებენ.

როცა „ალავესის“ პირველ გუნდთან ერთად შეკრება გავიარე (2021 წლის ზაფხულში) და გოლები გავიტანე, აგენტი არ მყავდა. მოგვიანებით გავიგე, რომ იმ ზაფხულს ლა ლიგის „რაიო ვალეკანოსა“ და ლა ლიგა 2-ის ოთხ გუნდს ჩემ მიმართ ინტერესი ჰქონდა. ისინი „ალავესს“ დაუკავშირდნენ, თუმცა აგენტი არ მყავდა და კლუბმა ეს ინფორმაცია დამიმალა.

ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთი გუნდი „ტენერიფე“ იყო, რომელმაც ოფიციალური წინადადებაც გააკეთა... „რაიო“ ლა ლიგაში იყო, 1 წლით მეორე გუნდში თამაშსა და 1 წლის შემდეგ პირველ გუნდში დაწინაურებას მთავაზობდა, მაგრამ ეს არ მითხრეს. სპორტულმა დირექტორმა, სერხიო ფერნანდესმა, არაფერი მითხრა. სერხიო ამბობდა, გაგუა ჩვენი შემდეგი ხოსელუა, არსად გავუშვათ, მივხედავთ და ყველაფერი კარგად იქნებაო, თუმცა იმ ზაფხულს, როცა შეკრებაზე გოლები გავიტანე, მადრიდის „ატლეტიკოდან“ მარკ ტენასი მოიყვანეს. ის ესპანეთის 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი იყო. საკითხს მარკეტინგული კუთხით შეხედეს, რადგან ესპანეთის მოქალაქე იყო და ა.შ. მე კი მეორე გუნდში დამტოვეს და ესპანეთის მე-4 ლიგაში ვითამაშე.

ამ ყველაფრის შემდეგ კლუბის მიმართ ნდობა დავკარგე. 19 წლის ასაკში ლა ლიგა 2-ში ერთი სეზონი რომ მეთამაშა, ძალიან კარგი გამოცდილება იქნებოდა.

სპორტულ დირექტორს, სერხიო ფერნანდესს, ჩემი პოზიცია პირდაპირ დავუფიქსირე — ვკითხე, ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა გენდოთ-მეთქი. ბუნებრივია, ამ საუბრის მერე ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდა. როცა ფეხბურთელი ასეთ რამეს გეუბნება, კარგად ხვდები, რომ ნდობა უკვე დაკარგულია.

შეგახსენებთ, რომ 2019-2024 წლებში გიორგი გაგუა „ალავესის“ ფეხბურთელი იყო, ლა ლიგის სამატჩო განაცხადში ორჯერ მოხვდა, თუმცა პირველ გუნდში ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია. 2022-2023 წლების სეზონი მან იჯარით რანგით მესამე ლიგის კლუბ „რეალ უნიონში“ გაატარა. 2024 წლის ზაფხულში გაგუამ ესპანეთი დატოვა და ერთი სეზონი ხორვატიულ „ისტრაში“ ითამაშა, 2025 წლის ზაფხულიდან კი „დუნაისკა სტრედას“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძლიერი ხასიათი და დიდი პოტენციალი აქვს | სანიოლმა მაისურაძეზე ისაუბრა
ძლიერი ხასიათი და დიდი პოტენციალი აქვს | სანიოლმა მაისურაძეზე ისაუბრა