მას აქვს ხარისხი, ძლიერი მოთამაშეა | ნიუკასლის მწვრთნელმა სალიაზე ისაუბრა ((U21)
ჟურნალისტმა შონ მაკკორმიკმა ვახო სალიას სტატია მიუძღვნა, რომელიც Chronicle Live-ზე გამოქვეყნდა.
„მისი პირველი სეზონი ტრავმებით სავსე იყო, სანამ სხვა ახალგაზრდები (შონ ნივი, ლეო შაჰარი, რორი ფინერანი, მატეოს ფერეირა და მაიკლ მილსი) ახალგაზრდულ დონეზე ქებას იმსახურებდნენ, სალიას მხოლოდ იმედგაცრუებულს შეეძლო თვალყურის დევნება, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან დაკარგული დრო აანაზღაურა და 21-წლამდელთა დონეზე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. 19 წლის ფეხბურთელმა უკვე გაუტანა „ტოტენჰემს“ პრემიერლიგა 2-ში, მანამდე კი ნაციონალური ლიგის თასზე „ტამუორთთან“ მის აქტივში გოლი და საგოლე პასი იყო.
მთავარი კითხვა ის იყო, შეძლებდა თუ არა ის ამ ფორმის შენარჩუნებას საფეხბურთო ლიგის გამოცდილ გუნდებთან. EFL Trophy-ს ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში, სადაც ახალგაზრდა „კაჭკაჭებმა“ რანგით მე-4 ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი „იორკ სიტი“ 3:1 დაამარცხეს, სალიამ ამ კითხვას პირველ ტაიმში დამაჯერებლად უპასუხა.

მატჩს ესწრებოდნენ „ნიუკასლის“ აკადემიის დირექტორი სტივ ჰარპერი, საფეხბურთო სტრატეგიის ხელმძღვანელი ჯეკ როსი და ტალანტების მართვის დეპარტამენტის ასისტენტი პოლ დამეტი. სალიას გოლის გატანის მანერა მათზე აუცილებლად მოახდენდა შთაბეჭდილებას''.
აღნიშნულ სტატიაში „ნიუკასლის'' 21-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობი სტოკდეილის კომენტარიც გამოქვეყნდა.
„ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა,“ - უთხრა სტოკდეილმა Chronicle Live-ს. „სიმართლე რომ ვთქვათ, მას ჩვენთან ძალიან რთული დასაწყისი ჰქონდა, რადგან პირველ ორ კვირაში ბარძაყის უკანა კუნთის საკმაოდ სერიოზული გაწყვეტა მიიღო. ამას ოპერაცია დასჭირდა და ვფიქრობ, ამის გამო თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობდა.
ასე რომ, ის ჩვენთან ფორმაში ნელ-ნელა შევიდა. ახლა უკვე ტემპს კრეფს. ვფიქრობ, 100 პროცენტით მზად ჯერ კიდევ არ არის და მისგან კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ. მიმაჩნია, რომ მას ცოტა მეტი სიმწვავის შეტანა კიდევ შეუძლია, მაგრამ მას ხომ ნამდვილად აქვს მაღალი ხარისხი, არა? როცა მან მეტოქის ნახევარზე ბურთი ჩაჭრა, მაშინვე ვიფიქრე, რომ გაიტანდა. სწორედ ამას ვხედავთ ხოლმე ვარჯიშებზე ძალიან ხშირად.“
19 წლის ფეხბურთელმა 2026-27 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ყველა ტურნირის ჩათვლით „ნიუკასლის'' 21-წლამდე გუნდში 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა (4 საგოლე მოქმედება). პრემიერლიგის 21-წლამდე ჩემპიონატში „ტოტენჰემს'' გაუტანა, ნაციონალური ლიგის თასზე „ტამუორთს'' თავით გაუტანა და ამავე მატჩში საგოლე პასი შეასრულა, დღეს კი „იორკ სიტის'' შეუგდო, რომელიც ინგლისის რანგით მე-4 ლიგაში გამოდის.