ლუის ენრიკე, ინიგო პერესი
Aa
Aa

„თუ იგრძნობენ, რომ გვეშინია, არაფერს გვაპატიებენ“ - ვილიარეალის მწვრთნელი პსჟ-სთან მატჩზე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-4 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მთავარმა მწვრთნელმა, ინიგო პერესმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ინიგო პერესი:

როგორია გუნდის განწყობა? ლა ლიგაში თითქოს სასურველი შედეგების მიღწევა დაიწყეთ, თუმცა პარასკევის მარცხი ცივი შხაპივით იყო...

დიახ, ის დღე ყველასთვის იმედგაცრუება იყო, ერთგვარი შეფერხება იმ პროცესისა, რასაც მივაღწიეთ. თუმცა, ხვალინდელი მატჩი მეტოქის სტატუსიდან გამომდინარე იმდენად მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია როგორც ჩვენთვის, ისე „ვილიარეალის“ გულშემატკივრებისთვის, რომ მოწყენილობის დრო არ არის. უკვე აღვიდგინეთ ძალები და წინ დიდი ენთუზიაზმით ვიყურებით.

პირადად ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური წნეხი და იმაზე გამუდმებით ფიქრი, თუ რა მდგომარეობაში ვართ შინ და რომ საუკეთესო გუნდი ჩამოდის, სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალობაა. ვფიქრობ, ამ ყველაფერს ზუსტად საპირისპიროდ უნდა მივუდგეთ. ვიცით ეს ორივე მოცემულობა, მაგრამ მათი შეცვლა გვსურს. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი სცენარი და იმაზე უკეთესი გუნდი ამ ტურნირის ბოლო ორი წლის განმავლობაში, რათა დავამტკიცოთ ის რწმენა, რომელსაც ბოლო დღემდე ვაშენებდით?!

პსჟ დაუმარცხებლად გამოიყურება, არა მხოლოდ იმის გამო, რასაც წელს აკეთებს ამ ტურნირზე, არამედ წინა წლების გათვალისწინებითაც. როგორი პსჟ-ს და როგორი მატჩის მოლოდინი გაქვთ?

როდესაც მათ თამაშს უყურებ, არა მხოლოდ როგორც გულშემატკივარი, არამედ ანალიტიკური კუთხითაც, ნათლად ხედავ, რომ სტადიონის, მეტოქისა და მომენტის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობენ დომინირებას, მოწინააღმდეგის გადავლას. შესაბამისად, მსაჯის სასტვენისთანავე ზუსტად ამას ველოდები. უნდა ვიცოდეთ მათი ყველა ძლიერი მხარე, მაგრამ ასეთი გუნდების წინააღმდეგ შიში და კომპლექსები უნდა დაივიწყო და დაამტკიცო, რომ შენც მაღალი დონე გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შიშს გრძნობენ და არაფერს გაპატიებენ.

ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დაპირისპირება სათამაშო სტილზე დიდ გავლენას ახდენს. ტაქტიკის გარდა, როცა განწყობაზე ვსაუბრობთ, ასეთ მატჩებში საჭიროა თუ არა მოედანზე მეტი ენთუზიაზმით, მონდომებით გასვლა და იმის მკაფიოდ გააზრება, თუ ვინ გიდგას წინ?

ვფიქრობ, ნებისმიერი გუნდის ანალიზი ერთნაირია, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ხედვას. შენი იდეა და იდენტობა ისაა, რასაც გრძნობ, და ამის შეცვლა ნეგატიურია, რადგან საბოლოოდ საკუთარ თავს კარგავ. სხვა საკითხია იმის ცოდნა, რომ „ნაპოლი“ ხუთკაციანი ხაზით თამაშობს, პსჟ კი - ცენტრში სამი მოთამაშით. სწორედ ასეთი ტაქტიკური დეტალები განაპირობებს განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, რაც შეეხება ემოციასა და განწყობას, მიმაჩნია, რომ ეს უცვლელი უნდა დარჩეს. მწვრთნელს გარკვეული ხედვა აქვს, ცდილობს ეს ფეხბურთელებს გადასცეს და ხვალაც ასე იქნება.

ცოტა ხნის წინ თქვით, რომ გუნდმა საკუთარი ძლიერი მხარეები უნდა წარმოაჩინოს, რათა მეტოქემ, ამ შემთხვევაში პსჟ-მ, შიში არ იგრძნოს. უშუალოდ თამაშის კუთხით, როგორი „ვილიარეალის“ ხილვა გსურთ ხვალ? რა გინდათ, რომ გუნდმა მოედანზე აჩვენოს?

ნამდვილად არ შემიძლია ახლა კონკრეტული კომპონენტები ჩამოვთვალო, თავი მოვიწონო და ვთქვა, რომ აი ეს მსურს, ხვალ კი მატჩის ბოლოს დაველოდო და ვიმსჯელო, გამოჩნდა თუ არა ეს ყველაფერი მოედანზე. ვფიქრობ, მზადების პროცესში გაცილებით მარტივად უნდა მივუდგეთ. ფსიქოლოგიურად ვიცით, რომ პირველივე წუთიდან შეტევაზე წამოვლენ. ვიცით მათი ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური შესაძლებლობების შესახებ. ამიტომ, იმის მიღმა, რასაც აქ ვიტყვი, უმაღლესი დონის ფეხბურთის სათამაშოდ უნდა ვიყოთ მზად საუკეთესო მწვრთნელის, საუკეთესო გუნდისა და მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ. ემოციურ დონეზე ეს დიდ ენთუზიაზმსა და იმედს ბადებს. ტაქტიკური, ტექნიკური და ფიზიკური თვალსაზრისით კი შესაბამის მიდგომებს მოითხოვს. ამ ყველაფრის ცოდნა გადამწყვეტია და იმის გააზრებაც, თუ რისი გაღება მოგვიწევს, ასევე ფუნდამენტური იქნება.

ეს განსხვავებული ტიპის მატჩია. როგორც აღნიშნეთ, ისინი საკუთარ საჯარიმოსთან დაცვაში არ დაგველოდებიან, როგორც ეს „ლა კერამიკაზე“ ხშირად ხდება და რაც პრობლემებს გვიქმნის. შესაბამისად, ვიცით, რომ სწრაფი შეტევების შანსები გვექნება. ამის მიღმა, ვფიქრობ, გამოწვევა უნდა მივიღოთ. უნდა ვიცოდეთ სად გავრისკოთ და სად არა, რას მივიღებთ კონკრეტული მოქმედებისგან. წინა მატჩის წარუმატებლობის დასავიწყებლად საუკეთესო გზა სწორედ საუკეთესოსთან დაპირისპირებაა. ამას არ ვუყურებ ისე, რომ თითქოს მცირე ჩავარდნა გვაქვს და ამ დროს საუკეთესო გუნდი ჩამოდის. ეს არის ის, რაც გვაქვს, რეალობა უნდა მივიღოთ და ხვალ დიდი გამოცდა გველის.

ლუის ენრიკეზე რას იტყოდით?

რაც შეეხება მის მუშაობას, ვფიქრობ, იდეალურია. როდესაც დაიწყო, ბრჭყალებში გარკვეული სირთულეები ჰქონდა, თუმცა როცა პროცესისა და პროექტის მმართველი გახდა, ყველაფერი შეიცვალა. სახეზეა, რომ უკვე ორი წელია ავითარებს იმას, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა და რაც ყველამ ვნახეთ იმ დოკუმენტურ ფილმში. ვფიქრობ, ის ბრწყინვალე სპეციალისტია, ძლიერი პიროვნებაა და სწორედ ეს მომწონს მასში. მომწონს, როგორ უმკლავდება გუნდის წარმატების პიკს და განსაკუთრებით ის, თუ როგორ უმკლავდება რთულ მომენტებს. ჩემნაირი ახალგაზრდა, დამწყები მწვრთნელისთვის მასთან და მის გუნდთან დაპირისპირება საამაყოა და ვეცდებით, ეს შანსი გამოვიყენოთ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და პსჟ-ს დაპირისპირება 3 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მნიშვნელოვან თამაშებში გადამწყვეტ როლს ასრულებს“ - ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე
    „მნიშვნელოვან თამაშებში გადამწყვეტ როლს ასრულებს“ - ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე