კვერნაძის ასისტი - ფროზინონემ კიდევ მოიგო და ოთხეულს უახლოვდება
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიური იყო და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა. კვერნაძემ 48-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც „ფროზინონემ“ ანგარიში გახსნა.
ქართველის დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 38 შეხება, 17-დან 13 ზუსტი პასი, 3 საკვანძო პასი, 2 ზუსტი გრძელი პასი, 1 ზუსტი ჩაწოდება, 1 ასისტი, 5-დან 5 წარმატებული დრიბლინგი, 9 დაბრუნებული ბურთი. Sofascore-ის შეფასება - 7.6 ქულა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ ათივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ქართველმა შემტევმა თავი იტალიის თასზე გატანილი 2 გოლითაც გამოიჩინა.
10 ტურის შემდეგ „ფროზინონეს“ 6 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი აქვს და შესაბამისად, 20 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, ოთხეულს კი 3 ქულა აშორებს. მომდევნო ტურში ქართველი შემტევის გუნდი სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდება. მატჩი 7 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს