„ორი დიდი ტურნირი გამოვტოვე და ეს აღარ უნდა განმეორდეს“ - რამუშმა კრიშტიანუზე ისაუბრა
პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა დიდ სანაკრებო ტურნირზე ბოლო წარმატებას 2016 წელს მიაღწია, როდესაც ევროპის ჩემპიონი გახდა. არადა, „ლუზიტანები“ უკანასკნელ პერიოდში აბსოლუტურად ყველა სათამაშო რგოლში იმდენად ძლიერი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი, რომ მათგან გაცილებით მეტს ელოდნენ. გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გუნდის წარმატებას კრიშტიანუ რონალდუ აფერხებს და მის გამო ბევრ მოთამაშეს შეზღუდული სათამაშო დრო ეძლევა, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად გონსალუ რამუშს ასახელებენ. როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით „მილანის“ ფორვარდს Canal 11-ის ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა, მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„კრიშტიანუ რონალდუს სტატუსს ვაფასებ, მაგრამ ახლაც ვფიქრობ, რომ ერთად თამაში შეგვეძლო და შეგვიძლია. პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარგ ფორმაში ვარ და გოლები გამაქვს, თუმცა პარალელურად, არც კრიშტიანუ დაივიწყოს. მახსოვს „დრაგაოს“ სტადიონზე სლოვაკებს ჩემი და რონალდუს დუეტით ვუტევდით და არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთლიანად გუნდმა იდეალურად იასპარეზა.
რობერტო მარტინესზე ნაწყენი არ ვარ, მაგრამ მის გამო ორი დიდი სანაკრებო ტურნირი, 2024 წლის ევროპისა და 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი პრაქტიკულად გამოვტოვე, რაც იმედია მომავალში აღარ განმეორდება. კონტინენტის პირველობაზე 15 წუთით ვითამაშე საქართველოსთან შეხვედრაში, რომელიც არაფერს არ წყვეტდა. რაც შეეხება მუნდიალს, ხორვატებთან გოლი გავიტანე, შემდეგ ამის მერე რატომღაც მოედანზე გასვლის საშუალება აღარ მომეცა“.
ცნობისათვის, კრიშტიანუ რონალდუსთან ბოლო სანაკრებო ფანჯარა სკანდალური გამოდგა, რადგან მთავარ მწვრთნელთან ჟორჟე ჟესუსთან კონფლიქტის შემდეგ შეკრება დატოვა, რის გამოც სიმბოლური თანხით დააჯარიმეს. პორტუგალიური პრესა წერს, რომ დაპირისპირება მალე საბოლოოდ ამოიწურება, თუმცა ეს ზუსტად მაშინ გვეცოდინება, როდესაც ჟესუსი ნოემბრის სანაკრებო შემადგენლობას გამოაცხადებს,
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს