მარცხი დაძაბულ შეხვედრაში - მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქართველოს სახელით თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენი გავიდა და საუკეთესო შთაბეჭდილება მირიან მაისურაძემ დატოვა. 26 წლის ონელმა ფალავანმა ტურნირის მერვედფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე მაგომედ შარიფოვი 4:1 დაამარცხა, რასაც მეოთხედფინალში მასპინძელი ქვეყნის, ყაზახეთის წარმომადგენელ, აზამატ დაულეტბეკოვთან 4:3 გამარჯვება მოჰყვა. ნახევარფინალში კი მაისურაძემ რუს ამანულა გაჯიმაგომედოვთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგო.
მირიანი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე გადაერთვება და შეეცდება ჩვენს ქვეყანას მედალი მოუტანოს. მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორც ვერცხლის, ასევე ბრინჯაოს პრიზიორია, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ხუთი წელია საპრიზო მესამე ადგილს იკავებს, რაც მართლაც კარგი მაჩვენებელია და მის სტაბილურობაზე მიუთითებს.
ცნობისათვის, მაისურაძის გარდა დღეს ხალიჩაზე ლუკა ჩხიტუნიძე (79 კგ), რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და გიორგი ელბაქიძე (74 კგ) გავიდნენ და თუ პირველმა მათგანმა ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა, დინგაშვილი და ელბაქიძე საკვალიფიკაციო ბადეში დამარცხდნენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს