ერევნის საერთაშორისო ტურნირი - კონსტანტინე პეტრიაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა
ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების 18 წლის წევრმა, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ), ოქროს მედალი მოიპოვა.
პეტრიაშვილმა „სტეპან სარგისიანის თასზე“ წარმატებით ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულა. ქართველმა მოჭიდავემ ფინალამდე გზაზე ბელარუს, რუს და სომეხ მეტოქეებს მოუგო.
გადამწყვეტ ბრძოლაში პეტრიაშვილის მეტოქე გასული წლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი, ბელარუსი ვლადისლავ კაზლოუ იყო. ქართველმა ფალავანმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და შეხვედრა ანგარიშით 10:0 დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილმა აქამდე 17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი, 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი და ანტალიის 20-წლამდე საერთაშორისო ტურნირი მოიგო.