„სარისკო იყო, მაგრამ...“ - მერაბმა სეხუდოსთან მარცხის მიზეზი გაამხილა
მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე ჰენრი სეხუდოსთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. ქართველი მებრძოლი 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონთან 35 წამში დამარცხდა.
რას ამბობს მერაბი:
„ეს სარისკო იყო, რადგან ჭიდაობაში ის უკვე დამარცხებული მყავდა და ვიცოდი, რომ რაღაცას ამზადებდა. ვხვდებოდი, რომ შემისწავლიდა, მე კი არ მქონდა დრო კონკრეტულად ჭიდაობისთვის საფუძვლიანად მოვმზადებულიყავი, რადგან ახლა ჩემს მომდევნო ბრძოლაზე ვარ ფოკუსირებული.
თუ RAF-ში საჭიდაო შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, ჩვეულებრივ მისთვის დაახლოებით ერთი კვირა ვემზადები ხოლმე და ამას, როგორც მეორე ვარჯიშს, ისე ვიყენებ. მაგრამ დიახ, ეს შეხვედრა წავაგე, თუმცა ვიღიმოდი და ჰენრის გამო მიხაროდა“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო თბილისში გამართულ RAF-ის ღონისძიებაზე 11:9 დაამარცხა, გასულ უქმეებზე კი 35 წამში დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც სეხუდომ, ისე დვალიშვილმა ტრილოგიისკენ მიანიშნა.