“აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“ - სპანულისი საქართველოსთან მატჩზე
საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ბერძნები 26 ნოემბერს საქართველოს, ხოლო 29 ნოემბერს ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
მოახლოებული მატჩების წინ, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილის სპანულისმა კომენტარი გააკეთა.
სპანულისი:
„ესპანეთთან მატჩზე ჯერ არ ვიფიქროთ. საქართველოსთან შეხვედრაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ტრავმებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა გვაქვს და გზად კიდევ რამდენიმე გაუთვალისწინებელი სირთულე შეგვხვდა. ასეთია ვითარება და უნდა გავუმკლავდეთ.
ვარჯიშს სრულფასოვნად ვერ ვახერხებთ, რადგან ევროლიგაში მოთამაშე ბიჭები გვაკლია. ყურადღება იმ კალათბურთელებზე უნდა გავამახვილოთ, რომლებიც გვყავს. უნდა გამოვიყენოთ საკუთარი მოედნის უპირატესობა, ტრიბუნები გულშემატკივრებით შევავსოთ და მოედანზე მთელი სული და ენერგია დავტოვოთ.
ნიკთან დაკავშირებით ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის და როგორ ითამაშა აგვისტოს ბოლო სანაკრებო ფანჯარაში — შესანიშნავად. წელსაც ძალიან კარგად ასპარეზობს. სამწუხაროდ, ტრავმის პრობლემა აქვს. ვესაუბრე, ძალიან დამწუხრებული იყო და აქ ყოფნა სურდა.
ჩვენ ერთმანეთს დავუკავშირდით და მასაც ძალიან უნდა გამარჯვება, რათა მომდევნო სანაკრებო ფანჯარაში მონაწილეობა შეძლოს. მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება. ყველამ იცის ნიკის შესაძლებლობები და ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია გუნდისთვის. სპორტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს — შეიძლება მოიგო და შეიძლება წააგო.
სანაკრებო ფანჯრების სისტემა უცნაურია. ასეთია მოცემულობა, ჩვენ კი ყველაფერს გავიღებთ და დღის ბოლოს გვეცოდინება, რომ წარმატებისთვის არაფერი დაგვიზოგავს“.
ცნობისთვის, საბერძნეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში ორი ლიდერი არ ეყოლება. საუბარი ნიკ კალატესზე და იანულის ლარენცაკისზეა.
საბერძნეთის და საქართველოს დაპირისპირება 26 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს