„კობის ალბათ გაეცინებოდა“ | მამუმ ბოლო მატჩებში საკუთარი თამაში შეაფასა
სანდრო მამუკელაშვილს რთული პერიოდი უდგას და ბოლო ხუთ შეხვედრაში, საერთო ჯამში, 24 ქულა ჩააგდო. „მამუს“ სროლები არ მისდის და ადგილობრივ პრესას სწორედ ამ თემაზე ესაუბრა.
„ცუდი საღამო მქონდა, სროლები არ წამივიდა და თამაშის შემდეგ პირდაპირ აქ მოვედი, შორტებითა და ყველაფრით, რადგან ძალიან გაბრაზებული ვიყავი და საკუთარ თავს ვუთხარი: „ახლა წავალ და სროლებზე ვივარჯიშებ“.
როდესაც სროლებზე ვარჯიშს მოვრჩი, მაღლა ავიხედე და კობი ბრაიანტის ბანერი დავინახე, რომელიც ყოველთვის განათებულია. ამ დროს გავიფიქრე: „ჯანდაბა, ალბათ კობისაც რამდენი ჩავარდნა ჰქონია. ასეთი ჩავარდნები ყველას აქვს“.
ჯეი ჯეი რედიკი ამას წინათ მეუბნებოდა: „სროლების მხრივ ჩავარდნები მეც მქონია. იყო თამაშები, რომლებშიც... მოდი, სტატისტიკას არ დავასახელებ, მაგრამ ცუდი მატჩები მეც მქონია“.
მახსოვს, ვფიქრობდი, ალბათ, კობის გაეცინებოდა, რომ მეთქვა, 10-დან 1 ან 8-დან 1 ბურთი ჩავაგდე-მეთქი. გაეცინებოდა და მეტყოდა: „უბრალოდ სროლა გააგრძელე“. ამიტომ არა უშავს. თუნდაც „ლეიკერსის“ დარბაზში ყოფნა და მამბას მენტალიტეტზე საუბარი ძალიან მაგარია. ეს იმაშიც გეხმარება, რომ უბრალოდ პარკეტზე გახვიდე, მაქსიმუმი ჩადო, საკუთარი თავის გჯეროდეს, სროლაზე იმუშაო და, საბოლოო ჯამში, აკონტროლო ის, რისი გაკონტროლებაც შეგიძლია“.
ცნობისთვის, ბოლო ხუთ თამაშში მამუკელაშვილის შედეგი ასეთია: „იუტასთან“ 4-დან 1, „საკრამენტოსთან“ 8-დან 4, „იუტასთან“ 10-დან 1, „შარლოტთან“ 8-დან 1 და „ფინიქსთან“ 8-დან 2.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს