ტრამპი და კუშნერების ოჯახი - როგორ აპირებდა ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის წილის გაყიდვას
ცნობილი გახდა ფიფას გეგმის ახალი დეტალები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე უფლებების ნაწილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა.
პროექტი FIFA Forward Enterprise (FFE), რომლის შესახებაც ივლისში გახდა ცნობილი, კერძო ინვესტორებისთვის ფიფას ტურნირების, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებებში წილის მიყიდვას გულისხმობდა. საფეხბურთო ორგანიზაციების მხრიდან მკაცრი კრიტიკის შემდეგ ამ იდეაზე უარი თქვეს. 25-გვერდიანი დოკუმენტი ასაბუთებდა ფიფას კომერციული საქმიანობის სამართავად ახალი კომპანიის შექმნას, რომლის 20%-ის მიყიდვა ამერიკელი ინვესტორისთვის, ჯოშუა კუშნერისთვის (Thrive Capital) იგეგმებოდა - დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ძმისთვის. პროსპექტი მომზადებული იყო ამერიკული ბანკ JP Morgan-ის მიერ, რომელიც ხუთი წლის წინ ასევე იდგა ევროპის სუპერლიგის ჩავარდნილი პროექტის უკან.

როგორც The Times-ი ამტკიცებს, იგეგმებოდა, რომ FFE-ის ინვესტორები ტურნირიდან სარგებლის მიღებას 96 წლის განმავლობაში შეძლებდნენ. თავდაპირველად გეგმა ერთ 12-წლიან ციკლზე იყო გათვლილი, შემდეგ კი, ხელშეკრულების პირობების „არსებითი დარღვევების“ არარსებობის შემთხვევაში, ლიცენზია კიდევ ერთი ციკლით გახანგრძლივდებოდა და ასე შემდეგ.
გათვალისწინებული იყო აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) შესაძლებლობა FIFA Forward Enterprise-ის შექმნიდან 8 წლის შემდეგ. ეს დირექტორებს ან აქციონერებს საშუალებას მისცემდა, გაეყიდათ თავიანთი წილები კომპანიაში და ამით ფული გამოემუშავებინათ. დოკუმენტებში მითითებულია, რომ ფიფა FFE-ის აქციების სულ მცირე 50%-ს შეინარჩუნებდა.
გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო FFE-ის მოგების 5%-მდე გადახდა მისი ხელმძღვანელობისთვის. პროექტის თანახმად, ფიფას პრეზიდენტს უნდა ეხელმძღვანელა FIFA Forward Enterprise-ის დირექტორთა საბჭოსთვის, რომელიც შვიდი ადამიანისგან შედგებოდა, ამასთან მას გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭებოდა. FFE-ის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ასევე უნდა შესულიყო ფიფას გენერალური მდივანი.
საბოლოოდ, ეს გეგმა ჩავარდა და ბოლო თვეებია ჯანი ინფანტინოს გადაყენებას აქტიურად ითხოვენ. თავად იტალიელი წასვლას არ აპირებს და არჩევნებში კენჭისყრას კიდევ ერთი ვადით გეგმავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს