დი კანიო: “ლეაუ რომ დარჩენილიყო, ახლა მილანი ცხრილის შუაში იქნებოდა“
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა პაოლო დი კანიომ თამამი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რაფაელ ლეაუს შენარჩუნების შემთხვევაში „მილანი“ ახლა სერია A-ს სატურნირო ცხრილის შუაში იქნებოდა. სკანდალური განცხადებებით ცნობილი ექსპერტის აზრით, ზაფხულში დიეგო მორეირასა და ალფაჯო სისეს დამატებამ კლუბი გაცილებით სერიოზულ გუნდად აქცია.
კვირას „მილანმა“ „ფროზინონე“ დამაჯერებლად, 5:1 დაამარცხა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ეს გუნდისთვის ბოლო ხუთ ტურში მოპოვებული მეოთხე გამარჯვება იყო და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი კარგი ფორმა ეროვნულ ჩემპიონატში.
მატჩის შემდეგ დი კანიომ „Sky Sport Italia-ს“ გადაცემაში Sunday Night Show შეხვედრა შეაფასა. „ვესტ ჰემის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დამაჯერებელი გამარჯვება გამოიყენა, რათა „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ ლეაუ კიდევ ერთხელ გაეკრიტიკებინა.
დი კანიო რაფაელს წარსულშიც არაერთხელ აკრიტიკებდა. დამოკიდებულებას და „მილანის“ ბოლო წარმატების შემდეგ საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მისი მტკიცებით, ამჟამინდელი შემადგენლობა გაცილებით ძლიერია იმ გუნდთან შედარებით, რომელიც დიდწილად პორტუგალიელ გარემარბზე იყო დამოკიდებული.
„სამი წლის განმავლობაში დაუნდობლად მაკრიტიკებდით. ეს სერიოზული გუნდია. სისე უკვე ლეაუზე სამჯერ მეტი ღირს. მორეირა კი ხუთჯერ მეტი ღირს თავისი პროფესიონალიზმის, ეფექტურობის, ხარისხისა და თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობის გამო. „მილანი“ სერიოზული გუნდია. ლეაუ რომ დარჩენილიყო, ახლა სატურნირო ცხრილის შუაში იქნებოდნენ და უამრავი კითხვის ნიშანი იარსებებდა“,
— განაცხადა დი კანიომ.
გასულ ზაფხულს „მილანმა“ შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად გადაახალისა. საბოლოოდ, ლეაუ „გალათასარაიში“ საწყისი 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა, გარიგებაში კი მომავალი ტრანსფერიდან თანხის 20 პროცენტის მიღების პირობა ჩაიდო. იტალიურმა კლუბმა მიღებული თანხა ამბიციურად გამოიყენა და „სტრასბურგიდან“ დიეგო მორეირას შესაძენად 50 მილიონი ევრო გადაიხადა. ამასთან, გუნდში წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი იჯარიდან დაბრუნებულმა სისემაც.
განახლებული გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა ადრიენ რაბიოც, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ შვით მატჩში გოლი ან საგოლე გადაცემა მიითვალა და კლუბის ლეგენდას, კაკას, გაუთანაბრდა. თუმცა დი კანიომ „ფროზინონესთან“ მატჩში ფრანგი ნახევარმცველის მიღწევის მნიშვნელობა შეამცირა და მეტოქის დაცვის ხაზი გააკრიტიკა.
„ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ასეთ პირობებში თვალახვეულსაც შეუძლია თამაში. სერია A-ს ბოლო რვა თუ ათი გუნდი დაცვაში სავალალოდ გამოიყურება. ვერტიკალური გადაცემით პირდაპირ კარისკენ მიდიხარ — ეს სასაცილოა“,
— დაასკვნა დი კანიომ.
ახლა „მილანი“ ეცდება, სერია A-ს საუკეთესო ოთხეულში ადგილი გაიმყაროს. გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი კარგი ფორმის შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.
მომდევნო შეხვედრას „როსონერი“ ევროპა ლიგაზე „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს. აღნიშნულ ტურნირზე „მილანი“ ამჟამად 28-ე ადგილზეა — პირველ ოთხ მატჩში გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო და სამჯერ დამარცხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს