„უსმანს და ბიჭებს არასწორი არაფერი გაუკეთებიათ“ - მახაჩევის კიდევ ერთი კომენტარი
ხაბიბ ნურმაგომედოვისგან განსხვავებით, ისლამ მახაჩევი აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე კომენტარის გაკეთებას არ ერიდება. UFC-ის ორი წონითი დივიზიონის დაღესტნელმა ჩემპიონმა, უსმან ნურმაგომედოვი და მისი სხვა მეგობრები კრიტიკისგან მეორე დღესვე დაიცვა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ, თბილისში მერაბ დვალიშვილის საქციელით დაიწყო, რომელმაც მათ დაღესტნელ მეგობარს, ახმედ გაჯიმაგომედოვს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ისლამს ამჯერადაც სთხოვეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების გამოთქმა და მან უსმანის საქციელი კიდევ ერთხელ გაამართლა.
ისლამ მახაჩევი
ეს რეზონანსი რაც იმ ამბავს მოჰყვა, არაპროპორციულად არის გადაჭარბებული. შესაძლოა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ასეთები იშვიათობაა, მაგრამ ჩვენთან დაღესტანში მსგავსი ჩხუბები ყოველდღე ხდება. უბრალოდ, ბევრმა ადამიანმა, რომლებიც კომენტარს აკეთებენ, არ იციან, ამ ყველაფრის საწყისი რა არის. ივლისში, საქართველოში მერაბ დვალიშვილი ნაკლებად ღირსეულად მოიქცა და ჩვენი მეგობრის დედა, რომელსაც დედა საერთოდ აღარ ჰყავს ცოცხალი, უშვერი სიტყვებით მოიხსენია - ეს კი ჩვენთვის წმინდა ამბავია და უდიდეს შეურაცხყოფად ითვლება.
არ ვფიქრობ, რომ უსმან ნურმაგომედოვმა და მასთან ერთად მყოფმა ბიჭებმა რაიმე არასწორად გააკეთეს. ადამიანმა საკუთარ სიტყვებზე პასუხი უნდა აგოს და იმ შემთხვევაში, თუ ის ზღვარს სცდება, სათანადო პასუხისთვისაც მზად უნდა იყოს. როდესაც ღირსებას ეხებიან, ორი ერთზე იჩხუბებ, თუ ერთი ერთზე, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუ ვინმე დაგირეკავს და მარტოს დაგიბარებს, ეს სხვა ამბავია.
საქართველოში რა მოხდა? ახმედს ხელი გაარტყეს და აღარაფრის გაკეთების საშუალება არ მისცეს, რადგან ადგილზე ძალიან ბევრი ქართველი იყო. სწორედ ამის შემდეგ გაჯიმაგომედოვი განაწყენებული იყო.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბთან ერთად, 21 წლის ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე საბა ლაზიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც იქ მყოფ რიცხვმრავალ დაღესტნელებს სათანადო პასუხი გასცა და დვალიშვილს გვერდში ბოლომდე დაუდგა.
 
 
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს