„გალიაში მისი თავის მოსაკვეთად შევედი“ - სტირლინგისთვის პროხაზკა მხოლოდ შოუმენია
კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ღონისძიების მთავარი მოვლენა ქვემძიმე დივიზიონში შედგა. დაუმარცხებელმა 28 წლის ნავახო სტირლინგმა მეორე რაუნდში ირჟი პროხაზკა დაანოკაუტა და სტატუსის შენარჩუნებასთან ერთად, ნომერ პირველი პრეტენდენტის ამპლუაშიც გადავიდა. თუმცა, დიდი ალბათობით, სანამ ამ წონის ჩემპიონი კარლოს ულბერგია, ნავახო ქამრისთვის ბრძოლას არ მოითხოვს, რადგან ისინი ერთ დარბაზში, ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ. სწორედ ამიტომ, როდესაც სამომავლო გეგმებზე ჩამოვარდა საუბარი, ნავახოს ულბერგი საერთოდ არ უხსენებია და საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
ნავახო სტირლინგი
მაგომედ ანკალაევი არის ერთ-ერთი ის ოპონენტი, რომელთანაც საკუთარი თავის გატესტვა მსურს. დაღესტნელი კარგი, საშიში და მრავალმხრივი მებრძოლია. ასევე მშვენიერი იქნება ალექს პერეირასთან დაპირისპირება, თუ რა თქმა უნდა ბრაზილიელი მძიმედან ქვემძიმე წონით დივიზიონში დაბრუნებას გადაწყვეტს.
ირჟი პროხაზკა მხოლოდ შოუმენი გამოდგა. მერწმუნეთ, MMA-ში ნაკლები მნიშვნელობა აქვს დღეში რამდენჯერ მიმართავ მედიტაციას და რამდენჯერ ირტყამ ჭინჭარს სხეულზე. აქ მთავარია მოწინააღმდეგეს ზუსტად დაარტყა, საჭიროების შემთხვევაში სწორი რეაქცია გამოავლინო და საბრძოლო თვისებები წარმოაჩინო. გალიაში მისთვის თავის მოსაკვეთად შევედი - ჩემი დევიზი იყო: „ან უნდა მოვკლა, ან მოვკვდები“.
ცნობისათვის, 28 წლის ნავახო სტირლინგს კარიერაში ჩატარებული თორმეტი ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და აქედან რვა ნოკაუტით დაასრულა. პროხაზკამდე მან ტექნიკური ნოკაუტებით იონ კუტელაბასა და იან ბლაჰოვიჩს მოუგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს