„მეტოქეს ვაჯობეთ და ეს ბათუმელებმაც აღიარეს“ - რუსთავის პრეზიდენტის განცხადება
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წლევანდელი სეზონის მთავარი სიურპრიზის ავტორი რომ „რუსთავია“, ამას წყალი არ გაუვა. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და ქვედა ლიგიდან წელს გადმოსული გია ცეცაძის კრებული ჯერ კიდევ ოქროს მედლების მაძიებლებს შორისაა. 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „ბათუმი არენაზე“ რუსთაველები ადგილობრვი „დინამოსთან“ მე-80 წუთამდე იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც გაიმარჯვეს. მარცხის მიუხედავად, „რუსთავის“ პრეზიდენტი მამუკა ხელაია თავისი კლუბის ასპარეზობით უზომოდ კმაყოფილი იყო და საკუთარი ემოციები გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა.
მამუკა ხელაია
ბათუმში ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ არ დასრულებულა, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ დიდი მომავალი აქვთ. ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ, ვაჯობეთ მეტოქეს და ეს ბათუმშიც აღიარეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვართ უმაღლეს ლიგაში და პირველად ვთამაშობთ ამ დონეზე. ამ ბიჭებისგან ასეთი ფეხბურთის ხილვა ჩემთვის უდიდესი სიამაყეა. მინდა თითოეულ ფეხბურთელს ვუთხრა - მე მჯერა და ვამაყობ თქვენით.
განსაკუთრებული მადლობა ყველა რუსთაველს, ვინც ჩვენს გვერდით დგას, ვისაც სჯერა ჩვენი და ამ გუნდის.რუსთაველებს კი ერთ რამეს ვპირდები. ძალიან მალე საკუთარ ქალაქში გაცილებით მეტ სიხარულს, დიდ ფეხბურთსა და საუკეთესო ემოციებს მოგიტანთ. დღეს შეიძლება წავაგეთ, მაგრამ არ დაგვიკარგავს რწმენა, სიამაყე და გამარჯვების სურვილი. ჩვენი მომავალი წინ არის და ის აუცილებლად იქნება დიდი, რუსთავი ჩემპიონების ქალაქია.
ცნობისათვის, 33 ტურში დაგროვებული 56 ქულით Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილში „რუსთავი“ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „იბერია 1999“-ს, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს გამართული, 7 ქულით ჩამორჩება. დარჩენილ სამ ტურში, რუსთაველები „მეშახტესა“ და „სპაერს“ უმასპინძლებენ, ხოლო სტუმრად „იბერია 1999“-ს შეხვდებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს