„მისი თამაშის ყურება გსიამოვნებს“ | ეგოიანს ნიდერლანდებში აქებენ
ნიდერლანდური გამოცემის, Voetbal International-ის, ყოველკვირეულ გადაცემაში, Rondje Eredivisie-ში, „ექსელსიორის“ ქართველ ფეხბურთელზე, ირაკლი ეგოიანზე, ისაუბრეს. ერედივიზიეს გასულ ტურში ეგოიანის გუნდმა როტერდამულ დერბიში „ფეიენოორდი“ 3:2 დაამარცხა და ირაკლი გოლით გამოირჩა.
22 წლის ნახევარმცველმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და De Telegraaf-მა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მისი თამაში უყურადღებოდ არც Rondje Eredivisie-ში დაუტოვებიათ და ირაკლის ყოფილ კლუბს, „ტვენტეს“, რომლის ტექნიკური დირექტორიც ერიკ ტენ ჰაგია, მისი გაფორმება ურჩიეს.
„ირაკლი ეგოიანი არის ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებაც სიამოვნებას განიჭებს. იგი არის ფეხბურთელი, რომელსაც ტოპ კლუბებში თუ არა, მეორე ეშელონის გუნდებში თამაში ნამდვილად შეუძლია“, — განაცხადა Rondje Eredivisie-ის ერთ-ერთმა წამყვანმა, გერტ-იან იაკობსმა.
„ირაკლი „ტვენტეს“ ახალგაზრდულ გუნდში იყო, ხომ?! შეიძლება, ზამთარში რაღაც მოხდეს და „ტვენტემ“ შემადგენლობის სიღრმე მისი წყალობით გაზარდოს“, — აღნიშნა სიოერდ კაიზერმა.
ცნობისთვის, ეგოიანს მიმდინარე სეზონში 11 საგოლე მოქმედება აქვს. ირაკლიმ ერედივიზიეში 4 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ნიდერლანდების თასზე, „მაასტრიხტთან“, დუბლი გაიფორმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს