დასვენების დღე გაუქმებულია - პოჩეტინომ მკაცრად დაიწყო
პირველად თავისი მდიდარი ისტორიის მანძილზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კატასტროფის, ანუ ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდნის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ასეთი რთული ვითარების გათვალისწინებით, „ალისფერი ეშმაკების“ ხელმძღვანელებმა კლუბის თავკაცად ისეთი გამოცდილი სპეციალისტი მიიყვანეს, როგორიც მაურისიო პოჩეტინოა. მართალია არგენტინელმა ძალიან ცუდად დაიწყო და სტუმრად „ლივერპულთან“ 0:4 განადგურდა, თუმცა ჯერჯერობით საკუთარი იდეების გასატარებლად მას საკმარისი დრო არ ჰქონდა.
იდეების გატარებას და გუნდის თავისებურად მართვას რომ გეგმავს, ეს პოჩეტინომ ფეხბურთელებს მუშაობის პირველივე დღეებში აგრძნობინა. ავტორიტეტული გამოცემა Evening Standard-ის ცნობით, არგენტინელმა მწვრთნელმა თამაშის მეორე დღეს დასვენება ოფიციალურად გააუქმა და თითოეულ ვარჯიშზე ფეხბურთელებს ბაზაზე საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოსვლა დაავალა. ვინც ამას არ შეასრულებს, ბუნებრივია ფინანსური ჯარიმა დაეკისრება და შესაძლოა დაგვიანებამ ამა თუ იმ მოთამაშის სათამაშო წუთებზეც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს.
შეგახსენებთ, რომ თერთმეტ ტურში დაგროვებული 8 ქულით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდ „კრისტალ პალასს“ უსწრებს. მომდევნო შეხვედრას მაურისიო პოჩეტინოს მომზადებული ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად „სპორტინგთან“ გამართავენ, ხოლო ჩემპიონატის შემდეგ ტურში „ოლდ ტრაფორდზე“ „ბრენტფორდს“ უმასპინძლებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს