„შეუცვლელია“ | გერმანული გამოცემა ბუდუზე წერს
გერმანულმა გამოცემამ, Heidenheimer Zeitung-მა, ბუდუ ზივზივაძეს სტატია მიუძღვნა. „სასტარტო შემადგენლობა მხოლოდ ერთი ვარჯიშის შემდეგ: რატომ არის ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმის“ ნომერ პირველი თავდამსხმელი“, — ასეთია სტატიის სათაური და ავტორი ქართველ ფეხბურთელზე წერს.
„ის გოლების გატანას განაგრძობს! 32 წლის თავდამსხმელმა „ჰაიდენჰაიმი“ „დარმშტადტთან“ დააწინაურა და 5 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ეს სანაკრებო პაუზიდან ერთ კვირაში მოხდა და ბუდუმ მთავარი მწვრთნელის, ფრანკ შმიდტის, ქებაც დაიმსახურა.
ის შეუცვლელია: ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში „ჰაიდენჰაიმის“ სასტარტო შემადგენლობაში უკვე ცხრა თამაში დაიწყო. თავდამსხმელმა „კილთან“ საშინაო შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა, „კაიზერსლაუტერნთან“ კი მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, შეცვლაზე გამოჩნდა, რადგან საცობში იყო გაჭედილი. დარმშტადტში ზივზივაძემ სეზონში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა — ქართველმა ფორვარდმა „ჰაიდენჰაიმი“ მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ დააწინაურა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ ზივზივაძე დაბრუნდა და მხოლოდ ერთი ვარჯიშის გამართვა მოასწრო, თუმცა მაინც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. „მასთან ასეთი შეთანხმება გვქონდა. იმედი მქონდა, რომ უკრაინასთან ბევრს არ ითამაშებდა. მოედანზე ნახევარი საათი გაატარა, რაც კარგია“, — განაცხადა ფრანკ შმიდტმა.
ზივზივაძეს თავადაც ჰქონდა სიტყვის თქმის უფლება იმაზე, დაიწყებდა თუ არა მატჩს სასტარტო შემადგენლობაში, რაც მან ანგარიშის გამხსნელი გოლით გაამართლა. მე-13 წუთზე ბუდუს დუბლის შესრულების შანსი მიეცა, თუმცა მისი თავური დარტყმა კარს ოდნავ ასცდა. „მას კიდევ ორი-სამი კარგი დარტყმა ჰქონდა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, უფრო მეტი მხარდაჭერა მიეღო — ეს მარცხი მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა“, — განმარტა შმიდტმა".
ცნობისთვის, „დარმშტადტის“ წინააღმდეგ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 36 შეხება, 8 დარტყმა (3 ზუსტი, 2 დაბლოკილი, 3 არაზუსტი), 13-დან 10 ზუსტი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 დაბრუნებული ბურთი. Sofascore-მა მისი თამაში 7.4 ქულით შეაფასა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს