მერაბ დვალიშვილი, ზვიად ლაზიშვილი, საბა ლაზიშვილი
Aa
Aa

„ჩემი ძმის გათიშვას 8 კაცი ცდილობდა“ - ინტერვიუ ზვიად ლაზიშვილთან

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, ზვიად ლაზიშვილმა Crystalsport-თან ინტერვიუს დროს აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა განაცხადა, რომ კამერებს მიღმა დაღესტნელი მებრძოლებისგან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ლაზიშვილის თქმით, რამდენიმე დაღესტნელი მის ძმას, საბა ლაზიშვილს ლიფტთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

რას ამბობს ზვიად ლაზიშვილი:

რა მოხდა კულისებს მიღმა? ისე მოხდა, რომ ჩემი ძმა, სამწუხაროდ, ფაქტობრივად მარტო დარჩა ამ მთელ დაღესტნელ „შანტრაბასთან“ ერთად. რვა კაცი ცდილობდა, რომ გაეთიშათ და რვა კაცი ურტყამდა - თან ჩვეულებრივი კი არა, პროფესიონალები და ერთ-ერთი წამყვანი მოჩხუბრები - ერთ პატარა ბიჭს, რომელიც გამოუცდელი მებრძოლია.

დღესაც გაოცებული ვარ, როგორ არც ერთს არ ეყო ელემენტარული ვაჟკაცობა, რომ ან დაეცვათ ბიჭი, ან როცა ხედავდნენ, რომ ასე ვაჟკაცურად დადგა, ასე ძალიან არ გაემეტებინათ. ხანდახან რომ ვუფიქრდები, რა შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოჰყოლოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ჩემი ძმა ამტანია და ბევრის ატანა შეუძლია - სხვა რომ ყოფილიყო, შეიძლება სერიოზული ზიანი მიეღო. ან თუნდაც მასაც ისეთი დაზიანება მიეღო, რომ ინვალიდი დარჩენილიყო ან კომაში ჩავარდნილიყო. გამოცდილი მებრძოლი რომ გამეტებით გირტყამს თავში ფეხებსა და ხელებს, ეს ბევრად ცუდად შეიძლებოდა დამთავრებულიყო. ამაზე რომ ვფიქრობ, ცოტა მიჭირს გააზრება, მაგრამ ღვთის წყალობით, ღმერთმა გადმოგვხედა და ყველაფერი დადებითად და კარგად დასრულდა.

მიზეზი რა იყო? ითქვა, რომ თბილისში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა შემდეგ გაგრძელება, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ თბილისში ეს ინციდენტი ამოიწურა და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. ამის შემდეგ მაინც ასეთი რამ მოხდა მათი მხრიდან - როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი მიზეზი?

რამდენიმე მიზეზია, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ის არის, რომ თბილისში მომხდარი ინციდენტისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ, როგორც ჩანს, ახმედს უნახავს ვიდეო, სადაც მერაბი შეურაცხყოფას აყენებდა და თითქოს - „ეს რომ მერე გავიგეო...“ - თავიდან გაუჩნდა ეს ბრაზი. მაგრამ ამას ახსნა მაინც არ აქვს: როცა კაცს ხელს ჩამოართმევ და თემას დახურავ, თუ რამე კითხვა დაგრჩა, ახმედს უპრობლემოდ შეეძლო მოსულიყო და ენახა მერაბი. ახმედის მეგობრებმა, ლას-ვეგასში ვინც არიან დაღესტნელები, ყველამ იცის მერაბის მისამართიც და ნომერიც. თვითონაც იყო ჩამოსული ლას-ვეგასში და თუ შეხვედრა და ლაპარაკი უნდოდა, რომ მოენდომებინა, ამის პრობლემა არ იყო. მერაბი არ არის ის ბიჭი, რომ ვიღაცას დაემალოს და თუ ვინმესთან რამე საქმე აქვს, ზურგი აქციოს - ნებისმიერ დროს შეეძლოთ ენახათ და გაერკვიათ ეს საქმე.

მე უფრო ვფიქრობ, რომ აქ ბოღმის ამბავია და იმის, რომ მერაბმა ბრძოლაც მოუგო და ახლაც ფაქტობრივად ისე გააკეთა, რომ ვერ ქნეს ის, რისი გაკეთებაც უნდოდათ. ვერ შეეგუვნენ ამ ყველაფერს, გაბოროტებულები იყვნენ და აღარ იცოდნენ, რა ექნათ. სხვას ვერაფერს ვხვდები, რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუნდაც ვიდეოში თუ დააკვირდებით, რომ მიდის და მერაბს სილას გააწნის, ისე დგას, თითქოს ღმერთი იყოს. ისეთი ამაყები არიან და თავი ისეთი მაგარი ტიპები ჰგონიათ, რომ ასეთი დონის ადამიანთან მიდიან, ხელს ურტყამენ და ელოდებიან, რომ ის არაფერს ეტყვის. თუნდაც 100 კაცი ყოფილიყო იქ და მერაბს სცოდნოდა, რომ მოკვდებოდა, ხელს მაინც შეუბრუნებდა და არაფერზე უკან არ დაიხევდა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველიც ანალოგიურად მოიქცეოდა. ასე რომ, აქ უფრო მათი ეგოსა და სიბოროტის საკითხია, ვიდრე სხვა დეტალების.

ახლა საბაზე გკითხავ - როდესაც ნახე, ორი კაცი რომ დააგდო, ამაზე რა რეაქცია გქონდა? თან ზომითაც ძალიან დიდები იყვნენ...

ჩხუბია, ყველაფერი ხდება, ხომ ხვდები... კი, საბა ფიზიკურად, სხვათა შორის, ძალიან ძლიერია თავისი ასაკისთვის. 17 წლის იყო - მე მასთან შედარებით მაშინ გამოცდილი სპორტსმენი ვიყავი და ჭიდაობაში ისე მიგებდა... 17 წლის ბავშვი, „მათრევდა“ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს და შორს წავა.

გადაწყვეტილია MMA-ში გადასვლა?

კი, MMA-ში გადასვლა, სხვათა შორის, დიდი ხანია გადაწყვეტილი იყო, უბრალოდ ჩვენ ვწელავდით. ვეუბნებოდი, საქართველოში ახლა სჯობს იჭიდაო, ჭიდაობაში გამოცდილება დააგროვო, კარგი ბაზა შეიქმნა და მერე ნელ-ნელა გადმოხვალ, არსად გეჩქარება-მეთქი. მაგრამ ახლა ისე გამოდის, რომ, ალბათ, უფლის ნება იყო, პროცესები ასე დაგვეჩქარებინა, გადმოვიდეს უკვე MMA-ში და აქ გააგრძელოს.

თუ არის რაიმე შემოთავაზება რომელიმე ორგანიზაციიდან?

კი, UFC-იც დაინტერესებულია. ახლა ჩასული რომ ვიყავი, ფიქრობენ, რა გააკეთონ და როგორ მოიყვანონ UFC-მდე, რომ სხვა ორგანიზაციაში არ მოხვდეს. ძალიან დიდი დაინტერესებაა, უკვე მქონდა საუბარი UFC-ის რამდენიმე წარმომადგენელთანაც. სამწუხაროდ, MMA-ის გამოცდილება არ აქვს — გრეპლინგშიც სულ რამდენიმე ვარჯიში აქვს ჩატარებული: მე რომ ჩამოვდიოდი ხოლმე, ჩემთან ერთად თუ იჭიდავებდა ან MMA-ის დარბაზში თუ წამყვებოდა. ეგ არის, რომ დიდი გამოცდილება არ აქვს.

ყოფილა პრეცედენტი, რომ პირდაპირ UFC-ში აუყვანიათ გამოუცდელი მებრძოლი?

კი, მაგრამ UFC-ში, ზუსტად ეგეთი შემთხვევა არ მახსენდება. თუ საუბრობ, მაგალითად, ბო ნიკალზე ან სხვა მსგავს მოჭიდავეებზე, მათ MMA-ში ბევრი გამოცდილება არ ჰქონიათ, მაგრამ ჯიუ-ჯიცუს, სტრაიკინგისა და MMA-ის სხვა კომპონენტებში წლებია ვარჯიშობდნენ და შესაბამისი გამოცდილებაც ჰქონდათ. ჩემი ძმის შემთხვევაში კი, თვითონ ჭიდაობაშიც ახალდაწყებული აქვს ვარჯიში ოპერაციის შემდეგ. ორი ოპერაცია გაიკეთა, საკმაოდ რთული ოპერაციები, და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ცოტა დროა საჭირო - ერთი 6-7 თვე მაინც, რათა იმ დონეზე მივიდეს, რომ ასპარეზობა შეძლოს. თან ახალგაზრდაა, არსად ეჩქარება. პატარ-პატარა ნაბიჯებით, დარწმუნებული ვარ, დიდ მწვერვალს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბთან ერთად, 21 წლის ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე საბა ლაზიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც იქ მყოფ რიცხვმრავალ დაღესტნელებს სათანადო პასუხი გასცა და დვალიშვილს გვერდში ბოლომდე დაუდგა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „რაც მერაბმა გააკეთა, საოცრებაა“ - ალჯო MMA აკადემიის გახსნაზე
    „რაც მერაბმა გააკეთა, საოცრებაა“ - ალჯო MMA აკადემიის გახსნაზე