„რაც მერაბმა გააკეთა, საოცრებაა“ - ალჯო MMA აკადემიის გახსნაზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალჯამეინ სტერლინგმა არიელ ჰელვანისთან პოდკასტში მერაბ დვალიშვილის MMA აკადემიის შესახებ ისაუბრა. „ალჯო“ მერაბთან ერთად საქართველოში იმყოფება და აკადემიის გახსნასაც დაესწრო, ემოციები კი შემდეგ არიელ ჰელვანის გაუზიარა.
რას ამბობს „ალჯო“:
„მერაბის დარბაზის გახსნაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. უამრავი ადამიანი იყო, დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა - ამის ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა. იცი, ამ სპორტში ისე მოდიხარ, რომ თითქმის არაფერი გაბადია, მერე კი ხედავ, როგორ ვითარდება მოვლენები; როცა დაუღალავი შრომის შემდეგ უკან იხედები, აცნობიერებ და ამბობ: „ვაუ, შეხედე, რა ავაშენე, რას მივაღწიე!“ და აი, ისიც, ძმაო - მერაბი უკვე საკუთარ სამშობლოში სპორტული დარბაზის მფლობელია. უდიდესი მხარდაჭერა და აღფრთოვანება აქვს ხალხისგან და გზას უკვალავს ქართველი MMA მებრძოლების მომავალ თაობას“.
თბილისში მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია 23 ნოემბერს გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი, ასევე UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ზვიად ლაზიშვილი და მისი ძმა, საბა ლაზიშვილი სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდა UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძეც, რომელმაც მერაბ დვალიშვილის აკადემიის არსებობის მნიშვნელობაზე გვესაუბრა. ასევე, Crystalsport-თან კომენტარი გააკეთა ზვიად ლაზიშვილმაც, რომელმაც საერთო საქმეში სხვადასხვა სპორტული დარბაზების ჩათვლის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
MMA აკადემია სპორტსმენების მიღებას 30 იანვრიდან დაიწყებს. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს