„ძალიან რთულ მეტოქეს ვეთამაშებით, მაგრამ...“ - ჯიკიჩის და კალათბურთელების კომენტარები
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ათენში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი, კაპიტნის გარდა, საბერძნეთის დედაქალაქში სრული შემადგენლობით შეიკრიბა.
თორნიკე შენგელია ეროვნულ გუნდს საბერძნეთთან თამაშის დღეს, 26 ნოემბერს შეუერთდება, ხოლო დღეს ნაკრებში მიმდინარე ფანჯრის ფარგლებში პირველად ივარჯიშეს ლეგიონერებმა: რატი ანდრონიკაშვილმა, ალექსანდრე ფევაძემ, მარკის რიდმა და გიორგი კორსანტიამ. OAKA-ს ოლიმპიურ დარბაზში, სადაცსაბერძნეთთან თამაშია დანიშნული, ჩვენი ნაკრები 25 ნოემბერს ივარჯიშებს. დღეს ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუნდი აეკ-ის „SUNEL არენაზე“ ავარჯიშა.
სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ, ალეკსანდარ ჯიკიჩმა, რატი ანდრონიკაშვილმა და ალექსანდრე მერკვილაძემ მოსამზადებელი ეტაპი შეაფასეს.
ალეკსანდარ ჯიკიჩი:
„სიმართლე გითხრათ, ვარჯიში ძალიან, ძალიან კარგი გამოვიდა, ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც დავგეგმეთ, ზუსტად ის გავაკეთეთ - იყო დიდი მოცულობის სამუშაო, მაღალი ინტენსივობა, დავხვეწეთ გარკვეული ტაქტიკური დეტალები. მოთამაშეები კონცენტრირებულები მოვიდნენ და მუშაობის უდიდესი სურვილი აქვთ. ვეცდებით, ეს სამი დღე მაქსიმალურად გამოვიყენოთ თამაშისთვის მოსამზადებლად. სულ ეს არის - ვეცდებით გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს კონტროლს ექვემდებარება, ხოლო იმაზე, რისი გაკონტროლებაც არ შეგვიძლია, ვცდილობთ არ ვიფიქროთ.“
რატი ანდრონიკაშვილი:
„ვეთამაშებით ძალიან რთულ მეტოქეს, რომელიც სრული შემადგენლობით იქნება. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვების მოპოვებაა. ჩვენც ვემზადებით - დღეს შევუერთდით გუნდს, ასე ვთქვათ, ვინც ლეგიონერები ვართ და ველოდებით ჩვენს კაპიტანს. სამი დღე გვაქვს იმისთვის, რომ ბოლომდე მოვემზადოთ ამ თამაშისთვის, შევძლოთ და მოვიპოვოთ ეს გამარჯვება ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.“
ალექსანდრე მერკვილაძე:
„დღეს იყო ჩვენი პირველი ვარჯიში სრულ შემადგენლობასთან ერთად, ჩვენი კაპიტნის გარეშე. კაპიტანი, ალბათ, სამ დღეში შემოგვიერთდება, რადგან თამაში აქვს, მაგრამ ბიჭები თავს კარგად ვგრძნობთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია, სრული შემადგენლობით იქნებიან და ძალიან რთული თამაში მოგველის. თუმცა, ბიჭები ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ განვვითარდეთ, შევთამაშდეთ და ვივარჯიშოთ, რათა კარგი სანახაობა მოვუწყოთ ჩვენს ქართველ მაყურებლებს.“
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს