საბა გოგლიჩიძე, მონცა
Aa
Aa

„საიმედო და შეუპოვარი!“ - იტალიური მედია გოგლიჩიძეს აქებს

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, საბა გოგლიჩიძის „მონცა“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. გოგლიჩიძის გუნდმა ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ პირველად მოიგო. 

ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. საბას სტაბილური მატჩი ჰქონდა და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 51 შეხება, 31-დან 30 ზუსტი პასი, 1 წარმატებული დრიბლინგი. დაცვაში 15 წარმატებული მოქმედება - 2 ართმევა, 7 განმუხტვა, 3 ჩაჭრა, 5 დაბრუნებული ბურთი, 1 დაბლოკილი დარტყმა, 7-დან 6 მოგებული ორთაბრძოლა, 4-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 7.5 ქულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიურმა სააგენტოებმა საბა გოგლიჩიძის თამაში შეაფასეს.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: დაცვის ხაზს ფიზიკური სიძლიერითა და საჰაერო ორთაბრძოლებში ზუსტი დროის შერჩევით ხელმძღვანელობს. ერთადერთხელ გარისკა სერიოზულად, როდესაც თავით მოგერიებული ბურთი ძელს სულ ოდნავ ასცდა, რის შემდეგაც საკუთარი საჯარიმო უკიდურესი საიმედოობით ჩაკეტა.

Eurosport.it – 6 ქულა: მეტოქის შეტევები მისი საჯარიმოს მისადგომებთანვე ფერხდება. დაცვის ხაზის პარტნიორებთან კარგად ურთიერთქმედებს და მატეო პელეგრინოს მეურვეობისას ყოველთვის მზადყოფნაშია. პირველ ტაიმში ავტოგოლის გატანას გადაურჩა, თუმცა დანარჩენ დროს უდიდესი ყურადღებით ითამაშა.

Ilcittadinomb – 6.5 ქულა: პელეგრინოს მეურვეობისას ზუსტია და არგენტინელის მსგავსი ნამდვილი გოლიათის წინააღმდეგ ფიზიკურ ძალასაც კარგად ავლენს.

Forzamonza – 6.5 ქულა: აბსოლუტური საიმედოობა: მჭიდროდ მეურვეობს „იების“ ცენტრფორვარდებს და მთელი მატჩის განმავლობაში შეუპოვრად იბრძვის.

Tuttomonza – 6.5 ქულა: მუდმივად კონცენტრირებულია, კარგად არჩევს ორთაბრძოლებში ჩართვის დროს და „იების“ თავდამსხმელების შეკავებაში თავისი წვლილი შეაქვს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ „მონცას“ მაისურით მე-8 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლია.

12 ტურის შემდეგ „მონცას“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 19 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, სტუმრად „რომასთან“ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მისი თამაშის ყურება გსიამოვნებს“ | ეგოიანს ნიდერლანდებში აქებენ
    „მისი თამაშის ყურება გსიამოვნებს“ | ეგოიანს ნიდერლანდებში აქებენ