“შეუძლიათ განსაკუთრებული შედეგი აჩვენონ“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის ნოემბრის მატჩების წინ ეროვნული ნაკრებების ძალთა რეიტინგი (Power Rankings) განაახლა.
ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით ერთი პოზიციით დაიხია უკან და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგს თურქეთი ლიდერობს, მეორე პოზიციაზე საფრანგეთია, მესამეზე კი — სერბეთი.
FIBA საქართველოს ნაკრების შანსებსაც გამოეხმაურა. საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, საბერძნეთი ქართველებთან დაპირისპირებას უძლიერესი შემადგენლობით შეხვდება და გამარჯვება სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან სჭირდება. მიუხედავად ამისა, FIBA მიიჩნევს, რომ ალექსანდარ ჯიკიჩსა და თორნიკე შენგელიას შეუძლიათ, ასეთ შეხვედრაში განსაკუთრებული შედეგი აჩვენონ და მსოფლიო საკალათბურთო საზოგადოება მოულოდნელი გამარჯვებით გააოცონ.
ფედერაცია ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პორტუგალიასთან საშინაო მატჩს, რომლის მოგებამაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაუხსნას.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში საქართველოს ნაკრებს ხუთი გამარჯვება და სამი მარცხი აქვს. ამ შედეგით ჩვენი გუნდი ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.
ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 26 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს