„აუტსაიდერობა მომწონს“ | მერაბმა იანთან მესამე ჩხუბზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „მანქანამ“ პიოტრ იანთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსწონს, როდესაც ორთაბრძოლას აუტსაიდერის სტატუსით ხვდება.
„ამ მომენტისთვის, პიოტრი ჩვენს წონით დივიზიონში ყველაზე სახიფათო მებრძოლია. ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ამ ბიჭს ვეჩხუბები. ურთულესი გამოწვევა მელოდება და ზოგადად, როდესაც ვიცი, რომ რთულ მეტოქეს ვხვდები, კარგ გამოსვლას ვაჩვენებ ხოლმე.
ყოველთვის თავდაუზოგავად ვმუშაობ, თუმცა ამჯერად ვცდილობ, ჭკვიანურად მოვემზადო. ბოლო ჩხუბისას ბევრს ვშრომობდი, თუმცა არ ვისვენებდი და თავს ვინადგურებდი. ამჯერად, პაუზებს ავიღებ, მეტს დავისვენებ, მეტს ვიფიქრებ და ძალიან მაგარი შეხვედრა გვექნება, ხალხი სიამოვნებას მიიღებს.
მეორე ჩხუბამდე ამბობდნენ, რომ იანი ერთხელ უკვე დამარცხებული მყავდა, მეორედაც მოვუგებდი და ეს ორთაბრძოლა საერთოდ რატომ ჩაინიშნა. მე ვიცოდი, რომ მასთან ჩხუბი ჩემთვის გამოწვევა იყო და პიოტრი მარტივი მეტოქე არასდროს იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიცოდი, იანის დონემ და დარტყმების ძალამ მაინც გამაკვირვა. ძალიან, ძალიან კარგად რომ არ მოვემზადო, ისევ მაგრად მცემს. მენტალურად საჭირო ადგილას ვარ და ფიზიკურადაც შესაფერის ფორმაში ვიქნები.
მომწონს, აუტსაიდერი რომ ვარ და ხალხს ჰგონია, რომ დავმარცხდები. ეს მჭირდება! ყოველთვის აუტსაიდერი ვიყავი და ჩემი არავის სჯეროდა. ყველას ვეუბნებოდი, გაჩვენებთ, ვინც ვარ-მეთქი. ასეთი რაღაცების მოსმენა მჭირდება. ბოლოს და ბოლოს კოეფიციენტებს გადავხედავ და ვნახავ, რომ აუტსაიდერი ვარ, რაც ცოტა მოტივაციას მომცემს“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის მესამე ორთაბრძოლა აბუ-დაბიში გაიმართება. მათი ჩხუბი UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა და ღონისძიება 24 ოქტომბერს არის დანიშნული. რაც შეეხება აუტსაიდერის სტატუსს, ბუკმეკერები იანს მცირე უპირატესობას აძლევენ.