„ილიას გაექცა, ახლა დივიზიონს აფერხებს, ქამარი უნდა ჩამოართვან“ - ვუდლი ისლამზე
UFC-ის ქვესაშუალო წონის ტიტულის ყოფილი მფლობელი, ტაირონ ვუდლი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციას ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ კარლოს პრატესთან ბრძოლაზე უარის თქმის შემდეგ ისლამ მახაჩევს საჩემპიონო ქამარი ჩამოართვას.
„როდესაც ჩემპიონი ხარ, ლოდინის უფლება არ გაქვს. UFC-ში არც ისე ბევრი ვარსკვლავია, რომ თავს უფლება მისცე, იჯდე და ელოდო მაშინ, როცა არავინ გიცნობს. შენ ისევ ხაბიბ-უმცროსი ხარ. უნდა ეჩხუბო ნებისმიერს, ვისაც შემოგთავაზებენ. მე UFC-ში ყველა ჩემი სატიტულო ბრძოლა ტრავმებით ჩავატარე. თუ ტრავმირებული არ ხარ, ვინ გგონია შენი თავი?“
- განაცხადა ამერიკელმა Ignition Poker-თან ინტერვიუში.
უფრო მეტიც, ვუდლი მიიჩნევს, რომ რუსმა მებრძოლმა მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ქვესაშუალო წონაში მხოლოდ იმიტომ გადავიდა, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლას გაქცეოდა.
„შენ ილიას სხვა დივიზიონში გაექეცი და ახლა ამ დივიზიონს აფერხებ. წაართვით მას ქამარი. გადაეცით ჩემი სიტყვები. ისლამ მახაჩევ, გვერდზე ჩამოჯექი! ეს ლეგენდარული დივიზიონია. ეს ჯორჯ სენ-პიერის დივიზიონია“,
- დაამატა მან.
ქვესაშუალო წონაში საჩემპიონო ქამრის მფლობელის, ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქე დროებითი ტიტულის მფლობელი გახდება, რომელიც 30 იანვარს, ტორონტოში გასამართ UFC 336-ზე, ბრაზილიელ კარლოს პრატესსა და ეკვადორელ მაიკლ მორალესს შორის ბრძოლაში გამოვლინდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს