„კვარას და დუეს ტრავმები? ჩვენი ძალა კოლექტიურ თამაშშია“ - ჰაკიმი
„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ ჩემპიონთა ლიგაზე „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მაროკოელ ფეხბურთელს ტრავმირებულ თანაგუნდელებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეზეც ჰკითხეს.
- ხვიჩა კვარაცხელიას და დეზირე დუეს ტრავმების ფონზე უფრო რთული იქნება თუ არა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შენარჩუნება?
- მართალია, ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ხვიჩამ და დეზირემ დიდი წვლილი შეიტანეს ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში, მაგრამ ჩვენი ძალა კოლექტიურ თამაშშია. შესანიშნავი გუნდი გვყავს და ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, ყველა მზადაა ბოლომდე დაიხარჯოს - სწორედ ამით ვართ ძლიერები. ეს მწვრთნელის დამსახურებაა. ყველაფერს გავაკეთებთ ზედიზედ მესამედ ამ ტურნირის მოსაგებად.
- ტრავმირებულია ოქროს ბურთის გამარჯვებული ჰარი კეინიც. ხომ არ აბრალებთ ამას გადატვირთულ კალენდარს?
- ბევრი მატჩის გამართვა გვიწევს და ძალიან ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი კლუბის მიზანია, ყველა მატჩი მოვიგოთ და რაც შეიძლება შორს გავიდეთ ყველა ტურნირზე. კვარას და დუეს კუნთის ტრავმები არ აქვთ. იოგების ტრავმებს ფეხბურთელი სულ სხვა ტიპის სიტუაციაში იღებს. ასე რომ, უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. ვიცით, რომ ასეთი რამისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ ფეხბურთელი მენტალურად ძლიერი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება ხვალ, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს