„ორივე დიდი დანაკლისია, მაგრამ...“ - ფლორენციმ კვარასა და დუეზე ისაუბრა
„რომას“, „პარი სენ-ჟერმენის“, „მილანის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო ფლორენციმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუს დროს „რომასა“ და პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგურ დაპირისპირებაზე ისაბრა.
ვეტერანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუესაც შეეხო, რომლებმაც 1-თვიან ინტერვალში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტეს და სეზონი ნაადრევად დაასრულეს. ფლორენცი ამბობს, რომ მათი არყოფნის მიუხედავად, პარიზული გუნდი შეტევაში მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
რას ამბობს ფლორენცი:
„პსჟ-ს რამდენიმე მძიმე დანაკლისი აქვს, მაგრამ მაინც უდიდეს გუნდად რჩება, რომელიც მატჩს ფავორიტის სტატუსით ხვდება. „რომა“ საკუთარ თავს გარკვეულ წნეხში აქცევს, ისევე როგორც მანჩესტერში, სადაც ისეთი განცდა იყო, თითქოს შედეგისთვის ნებისმიერ ფასად უნდა მიეღწიათ. იქნებ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყოს... გასპერინი პარიზში აუცილებლად მოსაგებად არ უნდა ჩავიდეს, მთავარია ღირსეული თამაში აჩვენოს. თუ წააგებენ, ესეც სავსებით მისაღები იქნება.“
რატომ არ გამოუვიდა ლუის ენრიკეს „რომაში“?
ალბათ, ჯერ კიდევ ადრე იყო. ჩემი შეხედულება მაქვს: ისევე როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა მისცე მუშაობის საშუალება, იგივე ეხება მწვრთნელებსაც. ლუისმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ რომში ცოტა სულსწრაფები ვართ, ლოდინი არ ვიცით. თუმცა, მის ნებისმიერ ყოფილ ფეხბურთელს რომ დაელაპარაკოთ, ყველა გეტყვით, რომ ის გენიოსი იყო: თხუთმეტი წლის წინ აკეთებდა იმას, რასაც სხვები დღეს აკეთებენ.
პსჟ-ს კვარაცხელიასა და დუეს მსგავსი ორი ვარსკვლავი დააკლდება. რამდენად მძიმეა ეს დანაკლისი?
რა თქმა უნდა, ორივე მათგანი გუნდისთვის დიდი ძალაა. მაგრამ სხვა გუნდი რომ ყოფილიყო, ვიტყოდი, რომ ძალიან მძიმეა, მაგრამ პსჟ-ში უამრავი ფეხბურთელია, ვისაც ბრწყინვალე მატჩის ჩატარება შეუძლია. მაგალითად, აკლიუში დაუჯერებელი მოთამაშეა. თუ ისე ითამაშებს, როგორც მე ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
რა არის გასპერინის ყველაზე დიდი დამსახურება ამ ეტაპზე?
ის, რომ ასეთ მოკლე დროში საკუთარი ფილოსოფიის დანერგვა მოახერხა, რაც შთამბეჭდავია. „რომას“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც გუნდისთვის ასე სწრაფად მკაფიო იდენტობის მიცემა. და მომწონს ის ფაქტი, რომ ის არასდროს იცვლება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ჰყავს მეტოქედ.
ასე რომ, „რომა“ პსჟ-ს წინააღმდეგაც მაღალ პრესინგს ითამაშებს...
ნამდვილად ასე ვფიქრობ; არ ველი, რომ პარიზში დაცვაში ჩასაჯდომად ჩავლენ. „რომა“ საკუთარ ბუნებას არასდროს ღალატობს. შესაძლოა, ეს რისკია, მაგრამ იქ უნდა ჩახვიდე და უშიშრად ითამაშო. შეიძლება მაინც წააგო, მაგრამ ამას საკუთარი იდენტობით მაინც გააკეთებ.
პსჟ-ს ჰყავს ისეთი კაპიტანი, როგორიც მარკინიოსია, რომელსაც კარგად იცნობთ...
მას შემდეგ, რაც ტრიგორიაზე მისი პირველი ვარჯიში ვნახე, ჩემს აგენტს ვუთხარი: „ჩემპიონი გავიფორმეთ, საბატინიმ წლის საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა“. ის ჩემპიონია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
რომ შეგეძლოთ, პსჟ-ს ერთი ფეხბურთელი წაართვათ და „რომას“ მისცეთ, ვის აირჩევდით?
კვარა იდეალური იქნებოდა; „რომაში“, მარცხენა ფლანგზე მისი ხილვა განსაკუთრებული იქნებოდა. სხვა შემთხვევაში – დემბელე, რომელიც დაუჯერებელი ფეხბურთელია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მარცხენა ვინგბექად მენდეშზეც არ ვიტყოდი უარს.
შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება ხვალ, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს