„მხოლოდ ორი დაღესტნელი არ მომწონს...“ - დვალიშვილმა თბილისური ინციდენტი გაიხსენა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი არიელ ჰელვანის გადაცემას სტუმრობდა, სადაც საქართველოში RAF-ის ღონისძიების წინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
„რა მოხდა საქართველოში? სეხუდოსთან ჭიდაობისთვის ვემზადებოდი, პრესკონფერენცია გვქონდა, მცირე შესვენების შემდეგ კი პირისპირ დგომი უნდა გვქონოდა. ტელეფონში რაღაცას ვთამაშობდი, როცა ვიღაც მოვიდა, კისერზე ხელი მომკიდა, მომქაჩა და რუსულად ყვირილი დამიწყო, რაც ძალიან ცუდად მესმის. რუსულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, მაგრამ მივხვდი, რომ უმარი ახსენა. ზუსტად ვერ გავიგე, რა მითხრა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ მითხრა - „სანამ აქ ვარ, უმარზე არ ისაუბროო“.
რამდენიმე წამი ვფიქრობდი, ვინ იყო საერთოდ ეს ადამიანი. უმარზე ვსაუბრობდი, მაგრამ პირველმა მან გამოიჩინა უპატივცემულობა. მე მასზე საჯაროდ ვსაუბრობდი, პრესკონფერენციებზე, მისი თანდასწრებითაც, მაგრამ ჩხუბის შემდეგ ხელი ჩამოვართვი, ის კი ტირილს აგრძელებს. ამან ძალიან გამაბრაზა და ამიტომ ვაგრძელებ „თრეშთოქს“. ადრე თუ გვიან ისევ ვიჩხუბებთ და ეს ყველაფერი ბუნებრივია.
უმარი ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ ვინ იყო ის ადამიანი, რომ ჩემთვის ესწავლებინა ჭკუა, თუ რა უნდა მეთქვა და როგორ. ნურმაგომედოვების ოჯახს პატივს ვცემ, აბდულმანაპ ნურმაგომედოვთან ფოტოები მაქვს გადაღებული. დიდ პატივს ვცემ ხაბიბს, ისლამს, დაღესტანშიც ბევრი მეგობარი მყავს.
მხოლოდ ორ დაღესტნელს ვერ ვიტან - უმარს და მის ლაჩარ მენეჯერს, რიზვანს. სწორედ ის ეხმარებოდა უმარს სოცქსელებში, როცა ისინი შეურაცხყოფას მაყენებდნენ და ჩემს ქვეყანასაც ახსენებდნენ. რიზვანი საქართველოში იყო და მას კარგად მოექცნენ, მაგრამ ამის შემდეგ ის ასე მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ქვეყანას.
იმ ადამიანთან, ვისთანაც საქართველოში ინციდენტი გვქონდა, ახლა არანაირი პრობლემა არ მაქვს. მან პროვოკაცია მომიწყო და ხელი გავარტყი. ამით არ ვამაყობ, მაგრამ კაცი ვარ და ამას არ ვნანობ. ჩვენ მოვძებნეთ ეს ადამიანი და ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, რათა ჩემს ქვეყანაში ასეთი რამ აღარ გაგრძელებულიყო“.
ცნობისთვის, საუბარია ივლისში, RAF Georgia-ს დროს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც დვალიშვილი ერთ-ერთ რუს მებრძოლს დაუპირისპირდა. მერაბს ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მებრძოლმა, აჰმედ გაჯიმაგომედოვმა უსაყვედურა იმის გამო, რომ ის უმარ ნურმაგომედოვზე აგდებულად საუბრობდა, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.