„მნიშვნელოვან თამაშებში გადამწყვეტ როლს ასრულებს“ - ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-4 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა მომავალი მატჩი მიმოიხილა და „ვილიარეალის“ ძლიერ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება. სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ პარიზული გუნდი შეტევაში გიორგი მიქაუტაძეს უნდა უფრთხოდეს.
რა წერია სტატიაში:
პირენეს ნახევარკუნძულზე „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ თამაშის აწყობა დააგვიანა. უნდა აღინიშნოს, რომ გასული სეზონის ბოლოს კლუბი გამოცდილ მარსელინოს (60 წლის) დაშორდა, რათა შანსი ახალგაზრდა მწვრთნელისთვის, ინიგო პერესისთვის (38 წლის) მიეცა.
„ლივერპულის“ ამჟამინდელი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას ასისტენტად მუშაობის შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა ბრწყინვალედ უხელმძღვანელა „რაიო ვალეკანოს“ და მაისში გუნდი კონფერენს ლიგის ფინალამდეც მიიყვანა. „ვილიარეალი“ უკვე ავლენს მისი სათამაშო პროექტის მახასიათებლებს. ლა ლიგაში „ყვითელ წყალქვეშა ნავზე“ მეტად ბურთს მხოლოდ „ბარსელონა“ ფლობს.
ჩემპიონთა ლიგაში ის ნაკლებად ახერხებს ბურთის ფლობაზე ამხელა უპირატესობის შენარჩუნებას, მიუხედავად მაღალი პრესინგით ბურთის კონტროლის სწრაფად დაბრუნების მცდელობისა. ამასთანავე, ვალენსიელებს მომენტების რეალიზება უჭირთ.
თუმცა, ეს შეტევაში ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობის ბრალი არ არის. მიმდინარე სეზონში 5 გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე მნიშვნელოვან შეხვედრებში გადამწყვეტ როლს ასრულებს. პსჟ-ს „ლიონის“ ყოფილ ფეხბურთელთან სიფრთხილე მართებს და ყურადღებით უნდა იყოს ნიკოლა პეპესა თუ კანადური დუეტის - ტანი ოლუვასეისა და ტაჯონ ბიუკენენის მიმართ.
ყურადღება ასევე უნდა მიექცეს 23 წლის მარცხენა გარემარბს, ალბერტო მოლეიროს, რომელსაც „ბარსელონა“ აკვირდება. ესპანელი ტალანტის, ნახევარდაცვის ლიდერ პაპე გეიესა და დაცვის ცენტრში პორტუგალიის ნაკრების წევრ რენატუ ვეიგას სახით, „ვილიარეალს“ ნიჭიერი ფეხბურთელები ნამდვილად არ აკლია.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და პსჟ-ს დაპირისპირება 3 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება. სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელია ამ მატჩში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ქართველ შემტევს დიდი ალბათობით, სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს