ძოწენიძე და ნარიმანიძე ტურის სიმბოლურში | ქართველების აღიარება სლოვაკეთში
სლოვაკეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა მე-9 ტურის სიმბოლურ გუნდში ორი ქართველი ცენტრალური მცველი, თორნიკე ძოწენიძე და სანდრო ნარიმანიძე შეიყვანა.
მე-9 ტურში ნარიმანიძის „ჟილინამ’’ შინ „ტრენჩინს’’ 2:1 მოუგო, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. 21 წლის ფეხბურთელი კარგ სეზონს ატარებს, 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ სანდრომ ყველა მატჩში 90 წუთი ითამაშა, არ შეუცვლიათ. სამი ყვითელი ბარათი მიიღო.
„მიხალოვცემ’’ შინ „დუკლას’’ 1:0 მოუგო, მასპინძელთა შემადგენლობაში ძოწენიძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 26 წლის მარჯვენა მცველმა მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატის 8 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში), მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია. ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო.
შეგახსენებთ, სანდრო ნარიმანიძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო თორნიკე ძოწენიძე ეროვნული ნაკრების კანდიდატად მოიაზრება.