„საქართველოს თამაშის სტრუქტურა კვარაცხელიაზეა დამოკიდებული“ - ანდრეი დემჩენკო
გამოცდილმა უკრაინელმა სპეციალისტმა და გორის „დილას“, „დინამო ბათუმისა“ და „იბერია 1999“-ის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ მედიასთან საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩზე ისაუბრა და თავისი მოლოდინები გააზიარა.
რას ამბობს დემჩენკო:
ყველა სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას პსჟ-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ფიგურაზე. კიდევ ვის გამოყოფდით საქართველოს ნაკრების სახიფათო მოთამაშეებიდან?
ყველა თითოეულის სახელობით გამოყოფა არ არის მარტივი, მაგრამ აღვნიშნავ ჩაკვეტაძეს, რომელიც ინგლისში კარგად გამოიყურებოდა, ახლა კი „უდინეზეში“ თამაშობს. აქვეა „ვილიარეალის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე. გვყანან მცველები, რომლებსაც ძალიან კომპაქტურად და საიმედოდ თავდაცვა შეუძლიათ, მაგალითად, ლოჩოშვილი, რომელიც ახლა ბუნდესლიგაში, „კიოლნში“ გამოდის. კარგი დონის მოთამაშეები იქ საკმარისზე მეტია, დამიჯერეთ.
თქვენი აზრით, არის თუ არა ხვიჩა, თავისი ბოლო გამოსვლების გათვალისწინებით, რეალურად „ოქროს ბურთის“ კანდიდატი?
ვფიქრობ, რომ - კი. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კაშკაშა სეზონი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში, როგორი ძლიერი და მაღალი დონის ფინალი ჰქონდა და რა სიმწიფესაც აჩვენებს, ის სრულად იმსახურებს უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლას. ის თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
მალდერას სამწვრთნელო შტაბმა შეიძლება განეიტრალოს ასეთი მასშტაბის შემსრულებელი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ახლა ასეთი კაშკაშა ინდივიდუალობები არ გვყავს?
უკრაინის მთავარი კოზირი გუნდური შეთანხმებულობა და კოლექტივის მთლიანობაა. საქართველოში არიან კაშკაშა ინდივიდუალური ვარსკვლავები, რომლებსაც მარტოებს შეუძლიათ ეპიზოდის ბედის წყვეტა. თავის მხრივ, ჩვენი ძალა „გუნდი-ვარსკვლავის“ კონცეფციაშია. ჩვენთან თავი მოიყარეს ხარისხიანმა ფეხბურთელებმა, რომლებიც ძლიერ ევროპულ კლუბებში თამაშობენ, აგრეთვე უკრაინის ჩემპიონატის წამყვანმა შემსრულებლებმა. ჩვენი ნაკრების ძალა მონოლითურობაში, მაღალ დისციპლინასა და ხარისხიან გუნდურ ფეხბურთში უნდა მდგომარეობდეს. თუ იმდენადვე გამოკვეთილი სოლო ნიჭი არ გვაქვს, ეს კომპენსაცია შეთანხმებული კოლექტიური მოქმედებებით უნდა მოვახდინოთ.
გამოდის, რომ ხვიჩა ერთდროულად საქართველოს მთავარი უპირატესობაცაა და პოტენციური სუსტი წერტილიც? თუ მას ბოლომდე „გამოვრთავთ“, ეს სრულიად სხვა გუნდი იქნება?
აბსოლუტურად მართალია. თუ ჩვენს ბიჭებს ხვიჩას განეიტრალება და სივრცის მოკლება გამოუვათ, ეს უკრაინისთვის დადებითი შედეგისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იქნება, მეტოქისთვის კი - შესამჩნევი დარტყმა. კვარაცხელია საკვანძო ფიგურაა, რომელზეც საქართველოს თამაშის მთელი კონსტრუქციაა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.