საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„სვანაძეს და მალდერას შორის ბევრი მსგავსებაა“ - უკრაინელები საქართველოს ნაკრებზე

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბუდაპეშტში, უნგრეთთან მოპოვებულმა გამარჯვებამ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები ჩინებულ განწყობაზე დააყენა. ხასიათს ასევე არ უჩივიან ჩვენი უკრაინელი კოლეგები და იქაურ სპორტულ ვებ-გვერდებში აშკარად ოპტიმისტური განწყობაა, რაც ანდრეა მალდერას შეგირდების მაღალ დონეზე ასპარეზობის პარალელურად, საქართველოს ეროვნულ გუნდში მომხდარი სამწვრთნელო ცვლილებით არის განპირობებული. ერთ-ერთ უკრაინულ საფეხბურთო ვებ-გვერდზე, UA-football.com-ზე „ჯვაროსნებზე“ საკმაოდ ვრცელი სტატია დაიწერა, სადაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი დეტალურად იყო განხილული.

რას წერენ საქართველოს ნაკრებზე

ბევრი გაოცებული დარჩა, როდესაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლი გაანთავისუფლა. მან ხომ შეძლო და გუნდი C დივიზიონიდან B-ში გადაიყვანა, იქ კი ადგილი ორი მატჩის ჯამში სომხების 9:1-ზე დამარცხებით შეუნარჩუნა. რაც ყველაზე მთავარია, სანიოლი იყო პირველი მწვრთნელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ასე რომ, როგორი ცუდი შედეგიც არ უნდა ჰქონოდა მას ბოლო პერიოდში, ქართველები ვილის მადლიერნი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყვნენ.

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში გულშემატკივრების მსგავსად, ვილის მუშაობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებიც უკმაყოფილონი დარჩნენ. მათ სურდათ გუნდის შესრულებით კიდევ უფრო მეტად შემტევი ფეხბურთი ეხილათ და სანიოლს ხვიჩა კვარაცხელია უკეთესად გამოეყენებინა. იმ ადამიანების გაგებაც შეიძლება, რომლებიც ქართველების ამ საქციელს ინფანტილურად თვლიან, რადგან ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ ის მწვრთნელი გააგდო, რომელმაც გუნდი მიიყვანა იქამდე, რაზეც ისინი ათწლეულები ოცნებობდნენ.

ცოტა ბედის ირონიასავით არის, რადგან როგორც ჩვენ ჩავაბარეთ უკრაინის ნაკრები თვეების წინ სამწვრთნელო შტაბისა და სისტემის ნაწილს, ასევე მოიქცნენ ქართველები და მათ რამაზ სვანაძე მოამზადებთ. ადამიანი, რომლის ხელშიც ნაკრების ამჟამინდელი წევრების 90 პროცენტს აქვს გამოვლილი, ხოლო ეს უკანასკნელი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატში ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა, რის გამოც სვანაძე-მალდერას დუელი ორმაგად საინტერესო იქნება. არც მალდერა მივიდა ბრძოლაში თვალდახუჭული და არც სვანაძე მივა - ორივემ შიდა სამზარეულოს შესახებ ყველაფერი გადასარევად იცის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თითქმის 260 მილიონ ევროდ არის შეფასებული, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია კი 140 მილიონი ევრო ღირს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ხვიჩა ელიტური ფეხბურთელი და გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეა, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოგებული და შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მატჩის ბედი. 

ხვიჩას გარდა საქართველოს ეროვნულ გუნდში კიდევ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ასპარეზობს. ისინი არიან გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი), საბა საზონოვი (ხეტაფე) და ჩვენი ძველი ნაცნობი გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო). ასევე აღსანიშნავია ირაკლი აზაროვი, რომელიც დონეცკის „შახტარის“ წევრია.

ცნობისათვის, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის აქამდე გამართული 11 მატჩიდან 7 შემთხვევაში მეტოქემ გაიმარჯვა და 4-ჯერ ფრე დაფიქსირდა. 11 შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა უკრაინელთა კარი შვიდჯერ აიღეს და ჩვენი გუნდის მაისურით სხვადასხვა პერიოდში გოლი ლადო ბურდულმა, გოგა გახოკიძემ, შოთა არველაძემ, გიორგი დემეტრაძემ, დავით სირაძემ, მათე ვაწაძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო უნგრეთზე ძლიერი გუნდია“ - ვეტერანი უკრაინელი ხვალინდელ მატჩზე
„საქართველო უნგრეთზე ძლიერი გუნდია“ - ვეტერანი უკრაინელი ხვალინდელ მატჩზე