დიეგო სიმეონე
Aa
Aa

რატომ შეარქვეს სიმეონეს ჩოლო - ისტორია ძაღლებზე, აცტეკებზე და შეუპოვრობაზე

დიეგო სიმეონეს ყველა იცნობს და ყველა „ელ ჩოლოს“ ეძახის. ეს მეტსახელი ოჯახის ტრადიციად იქცა და დიეგოს შვილზე, ჯოვანი „ჩოლიტო“ სიმეონეზეც გავრცელდა. მეტიც, ოფიციალურ ღონისძიებებზე არგენტინელ სპეციალისტს სწორედ ასე წარადგენენ - დიეგო „ელ ჩოლო“ სიმეონე.

ხშირად „მეტროპოლიტანოს“ პუბლიკა გატანილი გოლების შემდეგ არა ფეხბურთელის, არამედ არგენტინელი მწვრთნელის მეტსახელს სკანდირებს. შავი კოსტუმი, შავი პერანგი და შავი ჰალსტუხი - ის ან თრილერის პერსონაჟია, ან მესაფლავე, რომელსაც მეტოქე გუნდის იმედების გაქარწყლება სურს.

„ჩოლოს“ სამყაროში ან მტაცებელი ხან, ან მისი მსხვერპლი, ხოლო თუ „ატლეტიკოს“ მაისური გაცვია, მზად უნდა იყო, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯო და ირბინო იმდენი, რამდენიც საჭირო გახდება, და კიდევ უფრო მეტიც. ვინც „ატლეტიკოს“ მწვრთნელს დიეგოს ეძახის, შორს არის მისი ხასიათის გააზრებისგან, იმდენად ზუსტად გადმოსცემს მეტსახელი „ჩოლო“ სიმეონეს ხასიათს.

თუმცა დიეგო არ იყო პირველი, ვისაც ეს მეტსახელი შეარქვეს. მეტიც, ის არ იყო პირველი ჩოლო სიმეონე.

კარმელო სიმეონე

1950-იანი წლების ბოლოს არგენტინაში მარჯვენა მცველი, კარმელო სიმეონე თამაშობდა. ის იყო ძალიან სწრაფი და ჯიუტი, მაგრამ ძალიან ცუდი ბურთთან. განაპირა მცველისთვისაც კი კარმელო სიმეონე ძალიან არატექნიკური იყო. საბედნიეროდ, მის გუნდს, „ველეს სარსფილდს“ წვრთნიდა ვიქტორიო სპინეტო - სპეციალისტი, რომელიც ლათინოამერიკულ სანახაობრივ ფეხბურთს ვერ იტანდა.

სპინეტოს ლექსიკონში ვერ ნახავდით ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ტექნიკა, კრეატიულობა და გამორჩეულობა. სამაგიეროდ, ხშირად მოისმენდით სიტყვებს „ბრძოლა, გაძლება და თავდადება“. არგენტინაში სპინეტოს ანტიფეხბურთის მამად მოიხსენიებენ. კარმელო სიმეონე მალევე იქცა სპინეტოს ფავორიტად და მიიღო შანსი, რომელსაც ალბათ სხვაგან არსად მისცემდნენ.

სპინეტოს გუნდები მატჩის უდიდეს ნაწილს დაცვაში ატარებდნენ, ეს კი კარმელო სიმეონეს სტიქია იყო - ის არასოდეს კარგავდა კონცენტრაციას და თუ მოტყუვდებოდა, მალევე ასწორებდა შეცდომას. კარმელო სიმეონე მზად იყო, დაეღვარა სისხლი, როგორც თავისი, ისე ოპონენტის, თუ ამას მწვრთნელი მოსთხოვდა, ამიტომ მის წინააღმდეგ თამაში არავის მოსწონდა.

კარმელო იყო პირველი „ელ ჩოლო“. ლათინოამერიკულ ქვეყნებში ეს საკმაოდ გავრცელებული მეტსახელია, რომელიც აცტეკური სიტყვა xoloitzcuintli-დან იღებს სათავეს და ნიშნავს ძაღლს, რომელიც სიკვდილის ღმერთს, „ჩოლოტლს“ (Xolotl) ემსახურება. მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ჯიში დღესაც პოპულარულია მექსიკაში, სადაც ეროვნულ საგანძურად ითვლება.

თუმცა არის მეორე მნიშვნელობაც: xoloitzcuintli-ს შერეული რასის წარმომადგებელ ბავშვებსაც უწოდებდნენ. ლათინურ ამერიკაში ეს სიტყვა შეამოკლეს და კარმელო სიმეონესაც „ჩოლო“ იმიტომ უწოდეს, რომ მასში ინდიელებისა და ევროპელების სისხლი ჩქეფდა.

სიმეონე 2.0

დიეგო სიმეონე ამ პარამეტრებში არ ჯდებოდა, მაგრამ „ველესის“ აკადემიაში, სადაც მან ფეხბურთის თამაში დაიწყო, ჯერ კიდევ მუშაობდა ვიქტორიო სპინეტო. მან დიეგოს „ელ ჩოლო“ მხოლოდ იმიტომ შეარქვა, რომ ამ მეტსახელს ადრე სხვა თავის ფეხბურთელს (კარმელო სიმეონეს) ეძახდა.

გარკვეული დროის შემდეგ გაჩნდა სხვა პარალელებიც. დიეგო ისეთივე დაუღლელი და ჯიუტი აღმოჩნდა, როგორიც კარმელო იყო. დაღლილიც კი, ის არასოდეს ჩერდებოდა - ამის საშუალებას სიამაყის გრძნობა არ აძლევდა. ყოველ ორთაბრძოლაში დიეგო ისე შედიოდა, თითქოს ეს მომენტი მატჩის ბედს წყვეტდა.

დაცვასა თუ შეტევაში მას ყველაზე მნიშნელოვან დავალებებს აძლევდნენ, ვინაიდან იცოდნენ, რომ არ არსებობს ფასი, რომელსაც სიმეონე გამარჯვებაში არ გადაიხდის. ამგვარად, მეტსახელი „ელ ჩოლო“ ხალხის ლექსიკონში დამკვიდრდა. ამ მეტსახელის მატარებელი ორივე სიმეონე გამძლეობისა და უშიშრობის მაგალითი იყო. „ჩოლიზმი“ არგენტინულ ბრენდად იქცა.

შერეული რასის წარმომადგენლებს სამხრეთ ამერიკაში „ჩოლოს“ აღარ უწოდებენ. „ჩოლიზმმა“ სხვა განმარტება შეიძინა - გამარჯვება, რომელიც შეუძლებელი ჩანს, და ბრძოლა ნებისმიერ ვითარებაში. ამ აღწერას შეესაბამება როგორც კარმელო, ისე დიეგო სიმეონე.

როდესაც „ჩოლოს“ გუნდზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ 4-4-2 ან მეორე ნომრად თამაში. „ჩოლიზმი“ გუნდის მაჯისცემა - მომენტი, როცა ფეხბურთი თამაში კი არა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ხდება.

სიმეონეს ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ თუ საკმარისად მოტივირებული და დისციპლინირებული ხარ, შეუძლებელი არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სვენ-გორან ერიქსონის ლაციო | გზა ნანატრ სკუდეტომდე
სვენ-გორან ერიქსონის ლაციო | გზა ნანატრ სკუდეტომდე