ექიმი, ფილოსოფოსი, ანტისპორტსმენი - სოკრატესის მისია
ბრაზილიამ საფეხბურთო სამყაროს არაერთი ვარსკვლავი აჩუქა, ნიჭიერი ფეხბურთელების სიმრავლეს ქვეყანა არც ახლა უჩივის, თუმცა მრავალრიცხოვან ლეგენდებს შორის სოკრატესი ნამდვილად გამორჩეული ფიგურაა. მას ვერ უწოდებ ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს: სოკრატესზე მეტად ამ წოდებას პელე, გარინჩა, ზიკო და რონალდო იმსახურებენ (ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება), თუმცა რა გააკეთა თითოეულმა მათგანმა რიგითი ბრაზილიელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად? არც თუ ისე ბევრი რამ - რასაც ვერ ვიტყვით სოკრატესზე.
მედიცინა თუ ფეხბურთი
ბრაზილიელი ფეხბურთელების უმეტესობა ფაველებიდან მოდის, ფეხბურთი კი (და ზოგადად სპორტი) მათთვის სიღარიბის დაძლევის საშუალებაა. სოკრატესი ამ პარადიგმაში არ ჯდება - ის საშუალო კლასის წარმომადგენელთა ოჯახში დაიბადა და ეს გარემოება ფეხბურთისადმი მის დამოკიდებულებაზეც აისახა: ბურთი მისთვის მეცადინეობისგან დასვენების საშუალება იყო, სოკრატესს კი ექიმობა უნდოდა და ამისთვის ძალიან ბევრს კითხულობდა.
ის ბოლო წამამდე ყოყმანობდა და არ აწერდა ხელს პროფესიონალურ კონტრაქტს „ბოტაფოგოსთან“, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ ექიმი გახდებოდა. მეტიც, 23 წლისას მან ექიმის დიპლომი მიიღო, პარალელურად კი „ბოტაფოგოში“ თამაშობდა. როცა არჩევანის დრო დაუდგა, სოკრატესმა მამის დანაბარების შესრულება გადაწყვიტა: საავადმყოფო, თეთრი ხალათი და მრავალსაათიანი სამუშაო ცვლები, მაგრამ „ბოტაფოგომ“ ისეთი ანაზღაურება შესთავაზა, რომ ექიმის კარიერამ უკანა პლანზე გადაიწია.

ახალგაზრდა ასაკიდან სოკრატესი ფიქრობდა სახელმწიფო მოწყობის იდეალურ სისტემაზე, რომელიც ბრაზილიას ააყვავებდა. ის შეშფოთებული იყო იმით, რომ ფეხბურთელების ბედი მთლიანად კლუბების ხელში იყო და ამის ყველაზე კარგი მაგალითი პელე იყო, რომელსაც ქვეყნის მმართველი სამხედრო ხუნტა საზღვარგარეთ სათამაშოდ არ უშვებდა.
ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალს სოკრატესი დემოკრატიის დამყარებაში ხედავდა: სამხედრო ხუნტა ბრაზილიას 1964 წლიდან მართავდა, ქვეყანაში მკაცრი ცენზურა მოქმედებდა და ეს სოკრატესმა საკუთარი ოჯახის მაგალითზე გამოსცადა.
„მახსოვს, 10 წლის ვიყავი, როცა მამაჩემი ჩემ თვალწინ წვავდა წიგნებს კომუნისტების შესახებ. სწორედ მაშინ დავინტერესდი პოლიტიკით, ფეხბურთი კი ჩემს ცხოვრებაში უფრო გვიან გამოჩნდა“, - იხსენებდა სოკრატესი.
სპორტი - გამოხატვის საშუალება
ბრაზილიელები დამსახურებულად ამაყობენ საფეხბურთო ფილოსოფიით Joga Bonito (ითამაშე ლამაზად), რომლის პირველი სიმბოლო სწორედ სოკრატესი იყო - მაგალითი იმისა, რომ ფეხბურთელი შეიძლება იყოს ინტელექტუალი. სპორტში კი ხელოვნების ადგილი აუცილებლად მოიძებნება.
„ფეხბურთი ხელოვნებაა. დღეს ყველა ფეხბურთს ბრძოლად აღიქვამს, სადაც ერთმანეთს ორი დაპირისპირებული მხარე ეჯიბრება, თუმცა პირველ რიგში ეს ხელოვნების ფორმაა. ყველაზე მთავარი არა გამარჯვება, არამედ სანახაობაა. ფეხბურთელი ამ ხელოვნებით უნდა ტკბებოდეს და არ ფიქრობდეს იმაზე, მოიგებს დღეს თუ წააგებს“.
სტერეოტიპებით სავსე საფეხბურთო სამყაროში სოკრატესი ნამდვილი ინტელიგენტი იყო - განათლებული, ნაკითხი და ამავდროულად ძალიან კარგი ნახევარმცველი, რომელსაც ძლიერი დარტყმა და შეუდარებელი გრძელი პასი ჰქონდა. სოკრატესი ზედმეტს არ დარბოდა, რის გამოც კრიტიკოსები ზარმაცს უწოდებდნენ, თუმცა მისი პასუხი ყოველთვის ასეთი იყო: „ვინც მოედანზე ვერ აზროვნებს, სირბილი სწორედ მას უწევს“.
„ბოტაფოგოდან“ „კორინთიანსში“ გადასვლამ სოკრატესი ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად აქცია და მან ჩათვალა, რომ მოქმედების დრო დადგა. კლუბს პროგრესულად მოაზროვნე ტექნიკური დირექტორი ჰყავდა. სხვა თანამშრომლებიც თანხმდებოდნენ, რომ ბრაზილიას ცვლილებები სჭირდებოდა, „კორინთიანსს“ კი, რომელსაც 20 მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჰყავდა, შეეძლო, ამ ცვლილებების კატალიზატორი გამხდარიყო.

კლუბში აბსოლუტურად უნიკალური გაერთიანება „კორინთიანსის დემოკრატია“ ჩამოყალიბდა, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ ყველა თანამშრომელს კლუბის მართვის პროცესში ერთნაირი უფლებები ჰქონდა. ხმის უფლება ჰქონდა ყველას, დამლაგებლებით დაწყებული და ფეხბურთელებით დამთავრებული.
„ჩვენი სისტემა კლუბის შიგნით კარგად მუშაობდა და გვინდოდა, ქვეყნის მასშტაბითაც ყველაფერი ასე ყოფილიყო“, - ამბობდა სოკრატესი.
ეს ცარიელი სიტყვები არ ყოფილა. რამდენიმე წლის განმავლობაში „კორინთიანსი“ პერფორმანსებს აწყობდა - ერთ-ერთ მატჩზე ფეხბურთელები გავიდნენ ბანერით, რომელსაც ეწერა „გაიმარჯვე ან დამარცხდი, მაგრამ დემოკრატიის ფარგლებში“, 1982 წელს კი ერთ-ერთ მატჩში ფეხბურთელების მაისურებზე ნომრებთან ერთად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მოწოდებები ეწერა.

რაც შეეხება თავად სოკრატესს, ის სათქმელს თავზე შემოსაკრავი ლენტებით ამბობდა: „არა ძალადობას“, „კი - სიყვარულს, არა - ტერორს“. ფეხბურთელი ხშირად აკრიტიკებდა ბრაზილიის სამხედრო ხუნტას, რამაც მას ხალხში არნახული პოპულარობა მოუტანა. ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით სან-პაულუს ქუჩებში 1.5 მილიონი ადამიანი გავიდა, თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ხუნტამ სასურველ შედეგს მაინც მიაღწია: სამხედროებმა შენობის შესასვლელი დაბლოკეს, რის გამოც კონგრესმენებმა ხმის მიცემა ფიზიკურად ვერ შეძლეს.
იმედგაცრუებული სოკრატესი „ფიორენტინაში“ გადაბარგდა, ხოლო როცა ერთი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, პოლიტიკური ვითარება შეცვლილი დახვდა: დიქტატურა დამარცხდა, მოსახლეობამ კი ლეგიტიმური პრეზიდენტი აირჩია.
ანტისპორტსმენი
ფლორენციიდან დაბრუნების შემდეგ სოკრატესმა „ფლამენგოსა“ და „სანტოსში“ ითამაშა და კარიერა მალევე დაასრულა. შესაძლოა, პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ მას თამაშის სტიმული აღარ ჰქონდა, თუმცა არსებობდა კიდევ ერთი, მთავარი მიზეზი: სოკრატესი სამაგალითო სპორტსმენი არასოდეს ყოფილა.
მაშინაც კი, როცა ფეხბურთი მისთვის სრულფასოვანი სამსახური გახდა, სოკრატესი პროფესიონალი სპორტსმენის ცხოვრებით არ ცხოვრობდა. მეტიც, ის საჯაროდ თავს ანტისპორტსმენს უწოდებდა, სვამდა ლუდს და დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. „დავლევ მაშინ, როცა მოვისურვებ! მამა მყავს და კიდევ ერთი არ მჭირდება“ - ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელმაც კამერის ჩართვამდე მაგიდიდან ლუდის ქილებისა და სიგარეტის კოლოფების აღება სთხოვა.
ალკოჰოლიზმით გამოწვეული პრობლემების გამო სოკრატესი არაერთხელ მოხვდა საავადმყოფოში და საბოლოოდ, 2011 წელს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოკრატესმა სამედიცინო განათლება მიიღო, რათა ხალხს დახმარებოდა - ეს იყო მისი საბოლოო მიზანი. ის აშენებდა საავადმყოფოებს, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობაზე საერთოდ არ ფიქრობდა. იგივე შეიძლება ითქვას ფეხბურთზეც: სოკრატესმა გაწირა თავისი კარიერა, რათა ბრაზილიელებს უკეთეს ქვეყანაში ეცხოვრათ.
სწორედ ასე დაიმახსოვრებენ მას თაობები: გენიალურ ფეხბურთელად, კარგ ექიმად და მამაც ადამიანად, რომელმაც მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ სპორტსმენს შეუძლია, გმირი მოედნის მიღმაც იყოს.