ტრავმა სერიოზულია - გულიაშვილისთვის სეზონი დასრულდა
სანტანდერის „რასინგის“ ქართველმა შემტევმა, გიორგი გულიაშვილმა „რეალ ვალიადოლიდთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და სეზონის დარჩენილ ნაწილში ვეღარ ითამაშებს. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გულიაშვილი თვენახევრის განმავლობაში იუქმებს და საქართველოს ნაკრების თამაშებსაც გამოტოვებს.
შესაბამისად, გიორგი გულიაშვილისთვის 2025/2026 წლების სეზონი უკვე დასრულდა. გასულ შაბათს, „ელ სარდინეროს“ სტადიონზე „რეალ ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, „რასინგის“ ქართველმა გარემარბმა მარჯვენა კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია და პირველ ტაიმში ის ასიერ ვილიალიბრემ შეცვალა.
ლა ლიგაში აღზევების აღსანიშნავ ზეიმზე გულიაშვილი სპეციალური ფიქსატორითა და ყავარჯნებით გამოჩნდა. ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, კლუბის ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს, რის გამოც თვენახევრის განმავლობაში ფეხის უმოძრაოდ გაჩერება მოუწევს.
„გულიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეს სამედიცინო დასკვნა — რომელმაც 2025/26 წლების სეზონს დაემშვიდობა და მომავალ სეზონამდე გუნდურ ვარჯიშებში მონაწილეობას ვერ შეძლებს (სარეაბილიტაციო პერიოდი მის პროგრესზე იქნება დამოკიდებული) — მოწოდებულია ASISA-ს, „რასინგის“ სამედიცინო პროვაიდერის მიერ“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ მიმდინარე წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა. ქართველმა შემტევმა იანვრიდან ესპანურ კლუბში 17 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. საგულისხმოა, რომ „რასინგმა“ ლა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა და შესაბამისად, გულიაშვილი თავის გუნდთან ერთად მომდევნო სეზონში ესპანეთის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.