მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ესაა მიზეზი, რის გამოც ასეთი რეაქცია მქონდა“ | მერაბმა მახაჩევს უპასუხა

მერაბ დვალიშვილმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და ისლამ მახაჩევს უპასუხა. მახაჩევს „მანქანის“ რეაქციის შესახებ დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა განაცხადა, რომ დვალიშვილს მისი წარმატება არასდროს უხაროდა და ივარაუდა, რომ პიოტრ იანი მას კიდევ ერთხელ დაამარცხებს.

რა თქვა მერაბ დვალიშვილმა

„ისლამ მახაჩევის ვიდეო ვნახე, რომელშიც მისი და იან მაჩადო გარის ჩხუბზე ჩემს რეაქციაზე საუბრობდა. ვიდეოში შეგიძლიათ, ჩხუბის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ ჩემი რეალური რეაქცია იხილოთ და დაინახავთ, რომ ისლამს გამარჯვება მივულოცე.

მახაჩევს მოგება სოციალურ ქსელებშიც მივულოცე და მინდა, ერთი რამ განვმარტო: ისლამ მახაჩევი მომწონს. ვფიქრობ, ის შესანიშნავი და თავმდაბალი ჩემპიონია. პატივს ვცემ თავდაუზოგავ შრომას, რომელიც მან კარიერულად გასწია. მის მიმართ პატივისცემის გარდა არაფერი გამაჩნია, თუმცა როდესაც დავინახე, მისმა გუნდმა ოქტაგონში რუსეთის დროშა რომ შეიტანა, ნაწყენი დავრჩი. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ასეთი რეაქცია მქონდა.

UFC-ში გამართული ყველა საჩემპიონო ჩხუბისას, ქართული და ამერიკული დროშების ოქტაგონში შეტანის უფლება არ მომცეს. მეორე მიზეზი უფრო პირადულია და რუსეთის პოლიტიკასა და რუსეთის მთავრობის მიერ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს უკავშირდება. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და მათ ისტორიაში არის ომი, ოკუპაცია და ქართველი ხალხის ტანჯვა.

რუსეთი პასუხისმგებელია ჩეჩნეთში მომხდარ საშინელ ძალადობაზე და ისინი უკრაინაში ადამიანებს დღემდე ხოცავენ. მინდა, კიდევ ერთი რამ განვმარტო: რუსი ხალხი არ მეზიზღება, რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა მეზიზღება. ჩემთვის პრობლემა მთავრობა და მისი ქმედებებია და არა ჩვეულებრივი რუსი ხალხი.

ჩემთვის კავკასიელებს — დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთსა და რეგიონის სხვა ნაწილებს — საკუთარი იდენტობა, კულტურა და ისტორია აქვთ. კავკასიელ ხალხს პატივს ვცემ. ასე რომ, ეს პირადად ისლამისკენ მიმართული სიტყვები არ ყოფილა.

და ბოლო რამ, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ რუსული მედია ყოველთვის პროვოკაციულ შეკითხვებს მისვამს და ისინი ამ ვიდეოს ღირსეულად არ თარგმნიან ან არ აჩვენებენ იმას, რასაც სინამდვილეში ვამბობ, რადგან ეს მათთვის სასურველ ნარატივში არ ჯდება. რეალობა ის არის, რომ რუსეთის მთავრობა დიქტატორული და კორუმპირებულია. სიტყვის თავისუფლება არ არსებობს და რუსეთში რაიმეს გაპროტესტების შემთხვევაში ციხეში მიდიხარ. ეს ფაქტია“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი მახაჩევის ჩხუბს ნინა მარი დანიელესთან ერთად უყურებდა და პირდაპირი ეთერი KICK-ზე მიდიოდა. მერაბმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ოქტაგონში რუსეთის დროშა დაინახა და მოგვიანებით, მის რეაქციაზე ისლამს შეკითხვა დაუსვეს, რამაც ყველაფერი განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა კომპონენტში ბრწყინვალეა“ | LoL-ის მოთამაშის ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა
„ყველა კომპონენტში ბრწყინვალეა“ | LoL-ის მოთამაშის ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა