რამაზ სვანაძე
Aa
Aa

სვანაძე: მაღალი ინტენსივობით თამაში უნდა ვისწავლოთ, ფილოსოფია უნდა შეიცვალოს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ საინტერესო თემებზე ისაუბრა. 45 წლის სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფილოფოსია უნდა შეიცვალოს, თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს უნდა უპასუხოს, მისი დონისა და მასზე სუსტ გუნდებთან მაღალი პრესინგით უნდა ითამაშოს. ამავდროულად, მეტოქის მიერ შესრულებული მაღალი  პრესინგიდან ამოსვლა უნდა შეძლოს.

 „მინდა სიღრმეში წავიდე და ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრებში დამხვდა ძალიან გაზრდილი თამასა, რომელიც სწორედ ამ ფეხბურთელებმა გაზარდეს ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშით. საქართველოში ფეხბურთის მიმართ სულ სხვა ინტერესი გაჩნდა, გულშემატკივარი სტადიონზე დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ ბავშვთა ფეხბურთში მასობრიობა გაიზარდა და ასე შემდეგ.

გაზრდილ თამასას უნდა ვუპასუხოთ იმით, რომ უნდა შევიცვალოთ, უნდა შევიცვალოთ და უპირველესად სუფთა საფეხბურთ კომპონენტებს ვგულისხმობ. გავხდეთ უფრო თანამედროვე, ვითამაშოთ უფრო ინტენსიურად. უნდა ვუპასუხოთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღეს ჩვენს გულშემატკივარშია და მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენვე გავაჩინეთ. ეს მოთხოვნები ჰაერიდან არ მოსულა, ეს მოთხოვნები საქართველოს ნაკრებმა გააჩინა.

სიმართლე გითხრათ, რთული პერიოდია, ჩემთვის ასეთ დროს ნაკრებში მისვლა მარტივი არ იყო, მაგრამ ამავე დროს დიდი რესურსი გვაქვს. აღმართს მოჰყვა დაღმართი, რაც სამწუხაროა. კარგი იყო, რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა, ეს ფეხბურთის ნაწილია.

როცა ცვლილებებზე ვსაუბრობ... რამაზ სვანაძე ეროვნულ ნაკრებში იმიტომ არ მოსულა, რომ დინებას მიჰყვეს.  გვსურს, რომ თავიდან ბოლომდე შეიცვალოს ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია, შეიცვალოს იდეა. ეს იდეა უნდა იყოს, როგორც სუფთა საფეხბურთო, ასევე სისტემური. მთავარია სისტემურობა, გვჭირდება დრო.

ჩვენ გვჭირდება დრო, მაგრამ ეს არ მინდა ისე აღიქვან, რომ რამაზ სვანაძე რაიმე ალიბს იკეთებს, ნოემბრის თამაშების წინ დროზე აპელირებას აკეთებს. ეროვნული ნაკრების ყველა შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი, ეს არის სიმართლე, მაგრამ არის მეორე მხარეც. მეორე მხარე ის ცვლილებებია, რომლებიც მე დავაანონსე და ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება. თუ ამ ყველაფრის დეტალიზაცია გვინდა, მაშინ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრებმა  მაღალი ინტენსივობით თამაში უნდა ისწავლოს, საქართველოს ნაკრებმა თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს უნდა უპასუხოს,  დღეს სხვანაირად არაფერი გამოვა. მით უმეტეს მაშინ, როცა B ლიგაში ვთამაშობთ.

ჩვენი დონის და ჩვენზე სუსტ გუნდებთან მაღალი პრესინგით თამაში უნდა ვცადოთ და უნდა ვისწავლოთ ყველაზე მთავარი: მოწინააღმდეგის პრესინგიდან გამოსვლის საშუალებები უნდა ვეძებოთ. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. იმედი მაქვს, ამ დროს კარგად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კლასიკური შესარჩევისთვის საქართველოს ნაკრები სულ სხვა სახით წარდგეს მაყურებლის წინაშე''.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ერთა ლიგაზე ჩვენი გუნდი შინ ჩრდ. ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა (ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლი გაუშვეს) და უკრაინას დაუზავდა (0:0), შემდეგ კი უნგრეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (1:0) და ბელფასტში ჩრდ. ირლანდიას ფრე ითამაშა (0:0). ნოემბერში რამაზ სვანაძის გუნდი უნგრეთს მიიღებს, შემდეგ კი უკრაინას სლოვაკეთში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძე აქტიური იყო | ფროზინონე დიეგო მარადონაზე დამარცხდა
კვერნაძე აქტიური იყო | ფროზინონე დიეგო მარადონაზე დამარცხდა