ვინისიუსი: “ბოდიში გუნდსა და გულშემატკივრებს“
ვინისიუს ჟუნიორმა სოციალურ ქსელში მადრიდის „რეალსა“ და „ვილიარეალს“ შორის გამართულ მატჩში (1:0) გაძევებას გამოეხმაურა. შეხვედრა შაბათს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რომელსაც 72-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენეს, მატჩის დასრულების შემდეგ Instagram-ზე მოკლე შეტყობინება გამოაქვეყნა.
„სიხარული გრძელდება… ბოდიშს ვუხდი ჩემს გუნდსა და გულშემატკივრებს“, — დაწერა ვინისიუსმა. ამ სიტყვებით მან, ერთის მხრივ, გუნდის გამარჯვება აღნიშნა, მეორეს მხრივ კი ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მატჩის გადამწყვეტ მონაკვეთში თანაგუნდელები მოედანზე კაცნაკლული დატოვა.
გაძევება შეხვედრის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ეპიზოდს მოჰყვა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ვინისიუსმა გოლი გაიტანა და თითქოს ანგარიში 2:0 გახადა, თუმცა მსაჯმა გოლი გააუქმა. მანამდე ბრაზილიელმა „ვილიარეალის“ მცველ სალიბას თმაზე მოქაჩა, რაც მსაჯმა თამაშის წესების დარღვევად შეაფასა. ამავე ეპიზოდში ვინისიუსმა ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეორე აღმოჩნდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
თავდამსხმელმა მსაჯის გადაწყვეტილება აშკარა უკმაყოფილებით მიიღო და მოედნიდან გასვლამდე პროტესტის ნიშნად ჟესტებიც გამოიყენა.
ბრაზილიელი მალევე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მსაჯობას და Instagram-ის „სთორიში“ ახალი პოსტი გამოაქვეყნა. ვინისიუსმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ, მისი აზრით, მსაჯები მის წინააღმდეგ განმეორებით იღებენ მსგავს გადაწყვეტილებებს.
„ყოველთვის ვინისიუსი იღებს ყვითელ და წითელ ბარათებს. რა სამარცხვინოა“, — დაწერა მან და სხვადასხვა მატჩის ეპიზოდებისგან შემდგარი კოლაჟი გამოაქვეყნა. ფეხბურთელის აზრით, ამ შემთხვევებში მეტოქე ფეხბურთელები მის წინააღმდეგ უხეშობისა თუ წესების დარღვევისთვის არ დაუჯარიმებიათ.
