ხეტაფე, ხოსე ბორდალასი, იბერია 1999
Aa
Aa

„რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ იბერიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ“ - ბორდალასი

ხვალ, უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩში, „იბერია 1999“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანურ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „ხეტაფეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„იბერიას“ შესახებ

„თანამედროვე ფეხბურთში გუნდებს შორის სხვაობა სულ უფრო მცირდება. „იბერიას“ დიდ პატივს ვცემთ — ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან, საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერით ითამაშებენ და რთული მატჩი გველის. ვალდებულნი ვართ, მოვიგოთ. აქ გამარჯვების დიდი სურვილით ჩამოვედით, რადგან ჯგუფში მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს. ჩვენი შანსები ხვალინდელ მოგებაზე გადის, ისევე როგორც „იბერიას“ შემთხვევაში. ძალიან დაძაბული თამაში იქნება. ლა ლიგაში მტკივნეული მარცხის შემდეგ ჩამოვედით, ჩემპიონატში საქმეები კარგად არ მიგვდის, ამიტომ კონფერენს ლიგაზე ბრძოლის გასაგრძელებლად აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ“.

რესურსებისა და გუნდის მდგომარეობის შესახებ

„რთული სეზონი გვაქვს, რაც ჩემპიონატის დაწყებიდანვე ვიცოდით და ეს გამართლდა კიდეც - ზუსტად ასე ვივარაუდეთ. ვიცით, რომ მუშაობა და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მაქსიმუმი გავიღოთ. გულშემატკივრის განწყობაც ასეთია - ვალდებულნი ვართ, ვიბრძოლოთ და კარგი მატჩი ჩავატაროთ“.

კარვახალის შესახებ

„დანი კარვახალი სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ შემოგვიერთდა, ის თავისუფალი აგენტი იყო და ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია. იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ და მისი დახმარების იმედი გვექნება. ლა ლიგაში ის თავისი გამოცდილებით ძალიან გვადგება - არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ყველა ფეხბურთელს აქვს ნიჭი და პოტენციალი, რომელსაც ჯერჯერობით სრულად ვერ ვავლენთ, თუმცა ვალდებულნი ვართ, სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შემოვატრიალოთ“.

სირთულეების შესახებ

„სეზონის სტარტიდანვე არასახარბიელო შედეგები გვაქვს. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში როგორც დაცვაში, ისე შეტევაში - ჩვენი ხარისხი გაცილებით მაღალი უნდა იყოს. ძალიან კონკურენტულ და თანაბარ ლიგაში ვთამაშობთ. დაახლოებით იგივე ხდება კონფერენს ლიგაზეც: კარგი შედეგები ვერ ვაჩვენეთ, მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს და ყველაფერი ხვალინდელ მატჩზეა დამოკიდებული. მაქსიმალური პატივისცემა „იბერიას“, მაგრამ თუ გვინდა, რომ ტურნირზე დავრჩეთ და შანსი შევინარჩუნოთ, ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. აქ დიდი ენთუზიაზმითა და სიტუაციის გამოსწორების სურვილით ჩამოვედით“.

შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999“-სა და „ხეტაფეს“ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ნოემბერს, 21:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ხვალ ის შედეგი და თამაში იქნება, რასაც ქომაგი მოელის“ | კორღალიძე ხეტაფესთან მატჩის წინ
    „ხვალ ის შედეგი და თამაში იქნება, რასაც ქომაგი მოელის“ | კორღალიძე ხეტაფესთან მატჩის წინ