იბერია 1999, ლევან კორღალიძე
Aa
Aa

„ხვალ ის შედეგი და თამაში იქნება, რასაც ქომაგი მოელის“ | კორღალიძე ხეტაფესთან მატჩის წინ

„იბერია 1999“-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონს მომდევნო შეხვედრა კონფერენს ლიგაზე, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ელის და კორღალიძემ ესპანურ კლუბზე ისაუბრა.

„ვერ ვიტყოდი, რომ მოწინააღმდეგის გასაანალიზებლად ცოტა დრო გვქონდა, რადგან დიდი ხნის წინ ვიცოდით, რომ „ხეტაფესთან“ თამაში გველოდებოდა. ამაზე ფიქრი არც გუშინ დაგვიწყია და არც დღეს. მეტოქის მატჩებს ვუყურებდით და მაქსიმალურად შევეცადეთ, მათი სუსტი და ძლიერი მხარეები ფეხბურთელებამდე სწორად მიგვეტანა, რათა ხვალინდელი შეხვედრისთვის მეტად მომზადებულები ვიყოთ.

„ხეტაფეს“ ბოლო ხუთი თამაშიდან გვაქვს ანალიზი გაკეთებული და იმედი გვაქვს, ეს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არსებულ პატარ-პატარა დეტალებს უფრო მკაფიოს გახდის. ვერ ვიტყვით, რომ „ხეტაფე“ ევროტურნირებზე სხვანაირად თამაშობს და ლა ლიგაში სხვანაირად. ძალიან მებრძოლი გუნდია და ორთაბრძოლებში შესვლას არ ერიდებიან. სულ ცდილობენ, ორთაბრძოლები მოიგონ და ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარის გამოყოფა შეიძლება. ფეხბურთელებამდე კარგი მესიჯი მივიტანეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, მათი სუსტი მხარეები გამოვიყენოთ, ძლიერი მხარეები კი ჩავუკეტოთ.

„ხეტაფეს“ მთავარი მწვრთნელი დაცვითი ფეხბურთის მოყვარულ სპეციალისტად ითვლება, თუმცა ბოლო თამაშებში ბევრი გოლი აქვთ გატანილი და, იმედია, ხვალ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვიქნებით. რაც შეეხება განწყობას, ასეთი თამაშის წინ განწყობაზე საუბარი ზედმეტია. დარწმუნებული ვარ, ჩემი ფეხბურთელები მაქსიმალურად მოტივირებული იქნებიან და იმაზე მეტად ვიქნებით განწყობილი, ვიდრე უნდა ვიყოთ. მით უმეტეს ჩვენი ხალხისა და ერის წინაშე, ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა.

დარწმუნებული ვარ, ხვალ ის შედეგი და კარგი თამაში იქნება, რასაც ქართველი გულშემატკივარი მოელის. რასაც ჩვენ მოველით. თუ გადავხედავთ დინამიკას, ყოველი მომდევნო თამაში უკეთესი იყო და ესეც ძალიან დიდი მოტივაციაა. სწორ გზაზე ვდგავართ და რაღაცები, რაც ჩვენი გამოსასწორებელი იყო, ნელ-ნელა სწორდება. იმედი მაქვს, ხვალაც უკეთესი თამაში იქნება.

ბოლო შეხვედრის შემდეგ მესიჯები დამხვდა და მილოცავდნენ. ვთქვი, რას მილოცავთ, წავაგეთ-მეთქი. არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ამით კმაყოფილია. „მიალბისთან“ ქულის აღების შემდეგ გასახდელში ჩემი ყავარჯნები დაფრინავდა. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ამისთვის ვართ მომართული“.

ცნობისთვის, „იბერია 1999“-ს ერთი ქულა აქვს და 29-ე პოზიციაზე იმყოფება. „ხეტაფეს“ ანგარიშზეც ერთი ქულაა და ეს შეხვედრა 26 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ქუჩურ ჩხუბს წესები არ აქვს“ | პრატესი უსმანს მერაბზე თავდასხმის გამო არ ამტყუნებს
    „ქუჩურ ჩხუბს წესები არ აქვს“ | პრატესი უსმანს მერაბზე თავდასხმის გამო არ ამტყუნებს