„თავისუფლად და ლაღად უნდა ვითამაშოთ“ - იბერიელები კოპენჰაგენთან მატჩამდე
„იბერია 1999“-სა და ქართული ფეხბურთის მოყვარულებს საინტერესო და დატვირთული შემოდგომა აქვთ - პირველად უკანასკნელი 22 წლის განმავლობაში საქართველოს საფეხბურთო კლუბი ევროტურნირის ძირითად ბადეში ასპარეზობს და ამის გაკეთება Crystalbet ეროვნული ლიგის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა მოახერხა. „იბერიელები“ ბელგიის „სენტ ტრუიდენსა“ (0:2) და შვედეთის „მიალბის“ (1:1) უკვე დაუპირისპირდნენ, თუმცა „კოპენჰაგენი“, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები ხვალ შეხვდებიან, ორივე მათგანს სიძლიერით აღემატება. დანიაში ჩასულმა „იბერია 1999“-ის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
ლევან კორღალიძე
უეფას კონფერენს ლიგის დებიუტანტები ვართ და ასეთი დონის ტურნირზე თამაშის გამოცდილება აქამდე არ გვქონია. თუმცა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ყოველ მატჩში მივიღებთ საიმისოდ საჭირო გამოცდილებას, რომ თანამედროვე, მაღალი კლასის ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების სათამაშო ტემპს ავყვეთ. თუ ამას შევძლებთ, მომდევნო ტურებში როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური დაღლილობა და სტრესი სრულიად მოხსნილი გვექნება. ვმუშაობთ საიმისოდ, რომ „იბერია 1999“-ის ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხი არ ჰქონდეთ - გამოვიდნენ მოედანზე, თავისუფლად და ლაღად ითამაშონ. ჩვენ საქართველოს წარმოვადგენთ და ჩვენი ვალია, რომ ქვეყნის წინაშე ღირსეულად წარვსდგეთ.
გიორგი ჯინჯოლავა
კუნთის მცირე ტრავმა მქონდა, მაგრამ ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვარ და ვეცდები, რომ კარგი მატჩი ჩავატარო და ეს თამაში ჩვენთვის დადებითად დასრულდეს. პირველი ტური ფსიქოლოგიურად ყოველთვის რთული არის, რაც „სენტ ტრუიდენთან“ აისახა კიდეც, თუმცა მეორე ტურში გაცილებით კარგად ვიასპარეზეთ და ვთვლი, რომ „მიალბისთან“ უნდა მოგვეგო, თუმცა ბოლო წუთებში დასანანი გოლი მივიღეთ. წინა ორ ტურთან შედარებით, „კოპენჰაგენის“ სახით საკმაოდ რთული მეტოქე გვყავს, რომელიც საკუთარ სტადიონზე განსაკუთრებით კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვეცდებით დადებით შედეგს მივაღწიოთ.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ „იბერია 1999“-მა ანდრია ბართიშვილის სახით ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და წინასწარი პროგნოზით, მისთვის წლევანდელი სეზონი ნაადრევად დასრულდა. „კოპენჰაგენი“ - „იბერია 1999“-ის მატჩი დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს