ისტორიული ქულა - იბერია 1999-ს მოგებამდე ცოტა დააკლდა
კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის შეხვედრაში „იბერია 1999“ თბილისში შვედურ „მიალბიუს“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს არის პირველი ქულა, რომელიც ქართულმა კლუბმა ევროტურნირებზე მოიპოვა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „იბერია 1999“ 89-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა და სამწუხაროდ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ლევან კორღალიძის გუნდი სამ ქულასთან ძალიან ახლოს იყო.
ობიექტურად, მეტოქემ გაცილებით აქტიური შეხვედრა ჩაატარა და მეტი საგოლე მომენტიც შექმნა. მოსალოდნელი გოლის (xG) გრაფაში „მიალბიუს“ 2.24 ჰქონდა, „იბერია 1999“-ს კი 0.94. მეტოქემ კარისკენ 23-ჯერ დაარტყა, აქედან ზუსტი 5 იყო. „იბერიამ“ კი სულ 5-ჯერ დაარტყა, საიდანაც ზუსტი მხოლოდ ერთი გამოდგა.
„მიალბიუ“ ბურთს „იბერიას“ საჯარიმოში 42-ჯერ შეეხო. „იბერია“ კი მხოლოდ 8-ჯერ.
მატჩში ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა. სიხარულაშვილის მოპოვებული პენალტი ჯინჯოლავამ გაიტანა. ამის შემდეგ, „იბერია“ ნელ ნელა დაცვაში ჩაჯდა და უპირატესობა სრულად მეტოქეს დაუთმო, რამაც საბოლოოდ 89-ე წუთზე სტუმრების გოლი მოიტანა.
უნდა აღინიშნოს გოლის მომენტში მაკარიძის სუსტი თამაში, რომელსაც გაცილებით მეტი აგრესიულობა მართებდა.
ბოლოს გეტყვით, რომ მე-3 ტურში „იბერია 1999“ სტუმრად დანიაში „კოპენჰაგენთან“ გამართავს. მატჩი 5 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:55-ზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს